საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ყინულის მოედნის მშენებლობისთვის 50 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
გამოცხადებული ტენდერის თანახმად, სტადიონის მშენებლობა 50 მილიონი ლარი დაჯდება. ტენდერში წინადადებების მიღება 23 ივლისს იწყება და 28 ივლისს სრულდება.
ტენდერი გულისხმობს, თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.72.14.009/021) ყინულის სასახლის შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოსთან და შემდგომ ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
მიწის ნაკვეთის ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 16,112 კვ.მ-ს. პროექტის საგარანტიო ვადად განსაზღვრულია 2 კალენდარული წელი.
შესყიდვა Design-build მეთოდით განხორციელდება, შესაბამისად დაინტერესებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს თავიანთი არქიტექტურული პროექტებიც უნდა შესთავაზონ.
● ყინულის მოედნის რაოდენობა - 2;
● ყინულის მოედნის ზომა - 60 მეტრი 30 მეტრზე ;
● მაყურებლების რაოდენობა, ძირითად მოედანზე - 1500, მეორე მოედანზე 150-200; გასახდელების რაოდენობა ძირითად მოედანზე 6, მეორე მოედანზე 4;
● მოედნის გაბარიტული ზომა - სიგრძე 60 მეტრი, სიგანე 30 მეტრი;
● მოედნის ოთხივე გვერდი უნდა იყოს მოხრილი თაღისებრი ფორმით და დიამეტრი უნდა შეადგენდეს 7-8.5 მეტრს;
● ყინულის მოედნის ზედაპირიდან პირველი ობიექტი უნდა გვხვდებოდეს მინიმუმ 7 მეტრის სიმაღლეზე;
● მოედანზე უნდა იყოს 2 ე.წ. ბენჩი (მოთამაშეების სკამები) რომლებიც ცენტრის ხაზიდან უნდა იყოს დაშორებული მინიმუმ 2 მეტრით, სიგრძე 10 მეტრი, სიგანე 1.5 მეტრი. თითოეულ ბენჩს უნდა ჰქონდეს მოედანზე გასასვლელი 2 კარი;
● ბენჩის მოპირდაპირე მხარეს უნდა იყოს საჯარიმო ყუთები ე.წ. Penalty Box-ები და Penalty Boxებს შორის უნდა იყოს ე.წ Scorekeeper’s Bench, ანგარიშს ვინც ითვლის და დროს ვინც აკონტროლებს მათთვის სკამები.
მოთხოვნილი გამოცდილების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც ყინულის მოედნის მოწყობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება აქვთ.
“პრეტედენტს უნდა გააჩნდეს არაუმეტეს 3 (სამი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ მცირე 25,000,000 ლარის ღირებულების, სამოქალაქო, ან სამრეწველო (სამრეწველოს შემთხვევაში: დახურული ტიპის, არანაკლებ IV კლასის) დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები, საიდანაც მინიმუმ 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს, სულ მცირე 10,000,000 ლარის ღირებულების, სპორტული დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოებს (პირობა N1), ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 20,000,000 ლარის ღირებულების, სპორტული დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უახლესი