თბილისის მერია გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაციისთვის 8 500 000 ლარს დახარჯავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული მასალებიდან ირკვევა, მერია დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაციას ახორციელებს, რაც ძალიან რთულ და სპეციფიკურ ტექნიკურ უზრუნველყოფას საჭიროებს
ხოლო აღნიშნული შესყიდვის განხორციელების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ქალაქ თბილისის მასშტაბით 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაცია.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2022 წლის 29 დეკემბრის 02.05/10/456 ხელშეკრულებით დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაცია ხორციელდებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ.
„დღეის მდგომარეობით, მხოლოდ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გააჩნია დისტანციური ცენტრალიზებული მართვის და კონტროლის სისტემა, რომლის საშუალებითაც ცენტრალური სერვერიდან ხორციელდება ქალაქის გარე განათების ქსელის ჩართვა-გამორთვა, როგორც შედგენილი გრაფიკით, ასევე გრაფიკის გარეშეც“, - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებში.
მერიაში აცხადებენ, რომ დღეისათვის მხოლოდ შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ფლობს საკუთრებაში და მართვაში დისტანციური ცენტრალიზებული მართვის სისტემას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას გარე განათების ქსელის ჩართვა-გამორთვა განხორციელდეს ცენტრალური სერვერისა და ელ. კარადაში დამონტაჟებული მიკრო კონტროლიორის მეშვეობით, ცენტრალური სერვერიდან თითოეული ობიექტის ჩართვა-გამორთვის გრაფიკის გარეშე.
ირკვევა, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელს და მისი ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია მისი დანაწევრება, ვინაიდან, ქსელს გააჩნია მართვის ერთი პულტი. თავად გარე განათების ქსელი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და შედგება დაახლოებით 160 000 სანათი წერტილისაგან.
„შესაბამისად, დაინტერესებული პირის მომართვის შემთხვევაშიც, რომელიც შესაძლოა დაინტერესებული იყოს ქსელის ექსპლუატაციის მომსახურების გაწევით, აუცილებელი იქნება თითოეული სანათი წერტილის აღწერა და ექსპლუტაციის მიზნით შესაბამისი გეგმის წარმოდგენა, რათა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელსაც დედაქალაქის ტერიტორიაზე წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო, გაცემული იქნეს ნებართვა, ხოლო აღნიშნული ნებართვის მიღების შემთხვევაში კი უკვე თავად ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით მართვის პულტის მშენებლობა. აღნიშნული პროცედურები საჭიროებს ძალიან ხანგრძლივ პერიოდს.
აქვე დამატებით აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე განათებისა და შენობების არქიტექტურულ მხატვრული მინათების ქსელის ექსპლუატაციას, სხვა არცერთი დაინტერესებული პირის მომართვა არ დაფიქსირებულა, ზემოაღნიშნული პროცედურების განსახორციელებლად“ - აღნიშნულის სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი