ესპანური Barcelo Hotel Group-ი უკვე საქართველოს ბაზარზეა. საქართველოში პირველად, ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმებისა და უკვე არსებული რეპუტაციის გათვალისწინებით სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ საქართველოში ევროპული ცნობილი სასტუმროთა ჯგუფის Barcelo Hotel Group-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.
ესპანური კომპანიის წარმომადგენლები თბილისს სტუმრობდნენ, სადაც ქართველ პარტნიორებთან ერთად პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
„ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე განმარტავს, რომ ბათუმის შემდეგ თბილისის ბაზარზე შემოსვლა ბიზნესის დივერსიფიცირების მიზნით გადაწყდა, სადაც „ელთ ბილდინგი“ Barcelo Hotel Group-თან ერთად მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა კი 150 მლნ ლარს აჭარბებს.
„ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიბადა ეს იდეა, რომ რეგიონში შემოგვეყვანა ისეთი ბრენდი, რომელიც წარმოდგენილი არ იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაშიც კი. ეს არის სასტუმრო ბრენდებს შორის ერთ-ერთი დიდი ქსელი Barcelo Group-ი. 2-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კომპანია შეერჩიათ. პირველი პროექტი, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა. პროექტის ღირებულება ₾150 მილიონზე მეტია, რომელიც მოიცავს ძირითადად 3 სახის პროდუქტს: პირველი ეს არის 150 ნომრიანი Barcelo Group-ის სასტუმრო, მეორე პროდუქტია 300 ნომრამდე აპარტოტელი, რომელსაც საინვესტიციო დატვირთვა აქვს. და მესამე, ერთ ბლოკში განთავსებულია საცხოვრებელი ბლოკი, სადაც ბინის შეძენის შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებენ იმ საერთო ინფრასტრუქტურით, რაც ამ ტერიტორიაზე იქნება განთავსებული“, - ამბობს ელგუჯა თურმანიძე.
ამასთან, „ელთ ბილდინგი“-ის დამფუძნებელი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიამ თბილისის ბაზარზე შემოსვლა დივერსიფიკაციის მიზნით გადაწყვიტა.
„ჩვენი საქმიანობა 7-8 წლის უკან დეველოპმენტში დაიწყო ბათუმში. ამ ქალაქში საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ და საკმაოდ დიდი წარმატებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენ საერთაშორისო ბრენდებთან ვმუშაობთ. თბილისის ბაზარზე ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი. დედაქალაქში სულ მცირე ყოველ წელს წარმოვადგენთ ერთ ახალ საინტერესო პროექტს. ბაზრების კვლევიდან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესოა ზუგდიდი, გორი, მარნეული და ქუთაისი“, - ამბობს ელგუჯა თურმანიძე.
უახლესი