დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TAV Georgia ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან – თეა ზაქარაძე

TAV Georgia ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან – თეა ზაქარაძე

01-04-2025 10:57:00

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ავიაკომპანია EasyJet-მა დაიწყო ოპერირება. თბილისში ჟენევიდან პირველი რეისით Airbus A320 უკვე ჩამოფრინდა და პირველი მგზავრებიც ჩამოიყვანა.

„ტავ ჯორჯია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ჰქონდეთ წვდომა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია რომ „იზი ჯეტის“ ახალი დანიშნულების ადგილი სწორედ თბილისია და ეს ავიაკომპანია ჩვენს დედაქალაქს სამ ევროპულ ქალაქთან – ჟენევასთან, მილანთან და ლონდონთან პირდაპირი ავიარეისებით დააკავშირებს. ავიარეისები კვირაში ორჯერ სიხშირით შესრულდება. ტავ ჯორჯიას გუნდი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მგზავრთნაკადის უპრეცედენტო მატების ფონზე შექმნილ გამოწვევებთან ადაპტირდეს და ავიაკომპანიებს უმაღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოს.“- აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე.

დღეიდან, 31 მარტიდან ოპერირება დაიწყო EasyJet Switzerland-მა, რომელიც ჟენევა-თბილისი-ჟენევის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს იფრენს. პირველი აპრილიდან, EasyJet UK შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ლონდონი-თბილისის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათსა და შაბათს. ასევე, პირველი აპრილიდან ყოველ სამშაბათსა და შაბათს მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე EasyJet Europe Airline BmbH შეასრულებს რეისებს.

EasyJet-ი ერთ-ერთია იმ ავიაკომპანიებს შორის, რომელიც ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ევროპულ ქალაქებთან დააკავშირებს. 2025 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია ემატება. სწორედ ახალი მიმართულებების განვითარებისა და ავიაკომპანიებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამო, გავლენიანმა პლატფორმამ “Routes Europe 2025” თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შეიყვანა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები