მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები პირდაპირ თამარაშვილის ქუჩასთან დააკავშირებს გზის ამ მონაკვეთს, შესაბამისად, გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება და ის დაბრკოლებები, რომელიც არსებობდა, მოიხსნება. სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. მაგალითად, თამარაშვილის ქუჩიდან ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი უკვე გახსნილია, გაკეთებულია, დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება და აღნიშნული კვანძი მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. მოეწყობა ტროტუარება, დამონტაჟდება შუქნიშნები, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო. აქ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ახალი გზიდან გამოსული ავტომობილები ხელს უშლიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამის გამო იქმნებოდა დიდი პრობლემები. ამ კვანძის მოწყობით ეს პრობლემები მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის, საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია. გარდა ამისა, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩამსვლელ ზოლზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ახალი სატრანსპორტო კვანძი შუქნიშნებით დარეგულირდება, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ასევე ავტომობილების გადაადგილებას.
აღნიშნულ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1,7 მლნ ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
ადგილზე მერთან ერთად დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
უახლესი
34 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს53 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”