დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თაფლში ანტიბიოტიკები შემცირდა და ევროკავშირის ბაზარზე შესვლა გამარტივდა - „აპიჯეო“

თაფლში ანტიბიოტიკები შემცირდა და ევროკავშირის ბაზარზე შესვლა გამარტივდა - „აპიჯეო“

14-12-2023 19:00:09

თაფლის მწარმოებელ კომპანია „აპიჯეოს“ მიმდინარე წელს თაფლის ექსპორტი შეუმცირდა, რისი მიზეზიც დაბალი მოსავალი იყო.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა შალვა იოსელიანმა განაცხადა, 2022 წელს „აპიჯეო“-მ საფრანგეთში ექსპორტზე, 5 კონტეინერი,105 ტონა თაფლი გაიტანა, თუმცა მიმდინრე წელს მხოლოდ 1 კონტეინერის გატანა მოახერხა.

„აპიჯეო“-ს დამფუძნებლის თქმით, საწყის ეტაპზე საფრანგეთის, ევროკავშირის ბაზარზე შესვლა გაუჭირდათ, რადგანაც საექსპორტო პროდუქცია ანტიბიოტიკებით იყო დაბინძურებული, თუმცა შემდგომ პრობლემა მოგვარდა. 

„ერთი მუდმივი დამკვეთი გვყავს და ძირითადად მას ვაწვდით, 2023 წელს თაფლის მოსავალი ძალიან ცოტა იყო, უამინდობის გამო ფერმერებს თაფლი არ ჰქონდათ. ჩვენი ფუტკარიც გვყავს პირად მეურნეობაში, თუმცა თაფლს ვიბარებთ კიდეც. 

ევროკავშირის ბაზარზე შესვლა თავიდან გვიჭირდა, რადგანაც თაფლი ანტიბიოტიკებით იყო დაბინძურებული, თუმცა შემდგომ ლაბორატორია გავაკეთეთ და უკვე ადგილზე ვაკეთებთ გარჩევას. 

გეტყვით, რომ ანტიბიოტიკებისგან თაფლი თანდათან უფრო გასუფთავდა, მეფუტკრეებმაც უფრო ისწავლეს თუ როგორ მოუარონ თაფლს და აწარმოონ შედარებით სუფთა ხარისხის პროდუქტს“, - ამბობს „აპიჯეოს“ დამფუძნებელი.

შალვა იოსელიანის განმარტებით, მიუხედავად იმის, რომ 2023 წელს თაფლის ცოტა მოსავალი იყო, 2022 წელთან შედარებით თაფლის ფასმა დაიკლო.

„ფასები დამოკიდებულია ევროს კურსზე და ფაქტობრივად 2022 წელს თაფლის ფასი უფრო მაღალი იყო, 12 ლარი, ხოლო 2023 წელს ფასი დავლა წამოვიდა და არის 10 ლარი, რადგანაც კურსი გამყარდა“. - განმარტა „აპიჯეოს“ დამფუძნებელმა. 

მისივე თქმით, კომპანია თაფლს ადგილობრივ ბაზარზე საცალო ქსელში არ ყიდის, მხოლოდ სახელმწიფო ტენდერებში იღებს მონაწილეობას და ამ გზით ახდენს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზებას. 

რაც შეეხება საცალო ქსელს, „აპიჯეოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მაღაზიებში თაფლი ცუდად იყიდება.

კომპანია „აპიჯეო“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაფლის გადამამუშავებელი საწარმო საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხისა და სხვადასხვა სახეობის ჰომოგენიზერებული თაფლის წარმოებაზე.
კომპანია „აპიჯეოსთვის“ ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამისთვის კომპანიას დანერგილი აქვს HACCP-ის სტანდარტი და გააჩნია პროდუქციის ხარისხის კონტროლის საკუთარი შიდა საწარმო ლაბორატორია, ამასთანავე პროდუქციას ვაგზავნით გერმანიის  Intertek-სა და QSI-ის ლაბორატორიებში, რაც საშუალებას გვაძლევს  ვაკონტროლოთ პროდუქციის ხარისხი და თავი დავიცვათ პროდუქტში მავნე ნივთიერებების მოხვედრისგან.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები