მიმდინარე წელს ნუშიკოს ბაღი 14 ტონამდე ნუშის მოსავალს ელოდება.
ფიზიკურმა პირმა ზაზა ხელხელაურმა 6 ჰა-ზე ნუშის ბაღის გაშენება კახეთში, თელავის რაიონ სოფელ კონდოლში, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. როგორც ფერმერი ამბობს, ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სსრკ-ს დროინდელი კოლმეურნეობის საშრობი იყო, რომელიც დაშალა და ნუშის დარგვა დაიწყო.
დღეს კი „ნუშიკოს ბაღი“ იტალიური სუპერნოვას ჯიშის ნუშის ხეებს აერთიანებს. წარმოების პროცესში ჩართულები არიან გამოცდილი აგრონომები, ბაღის მოვლა საერთაშორისო ნორმების დაცვით მიმდინარეობს.
როგორც ზაზა ხელხელაური Business Insider Georgia-თან აცხადებს, გასულ წელს სეზონზე 8 ტონამდე ნუშის მოსავალი აიღო. ფერმერს მოლოდინი მეტი ჰქონდა, თუმცა ყინვამ ხელი შეუშალა და საადრეო ჯიშის ნუშის ხეებისგან მოსავალი ფაქტობრივად ვერ მიიღო.
ფერმერის თქმით, „ნუშიკოს“ მხოლოდ ონლაინ შეკვეთების საფუძველზე ყიდის.
1 კილოგრამი გარჩეული ნუშის ფასი 30 ლარია, ხოლო გასატეხი ნუშის ფასი -9 ლარი. ნუშის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება. თბილისში მოქმედებს საკურიერო მომსახურება, რეგიონში მიწოდება კი „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით ახორციელებს.
„ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით. სუპერმარკეტებში შესვლა არ გვინდა, იმიტომ, რომ კაბალური პირობები აქვთ. ვცადე, როდესაც პირველი მოსავალი ავიღე, მაგრამ ისეთ პირობებს გთავაზობენ, რომ აზრი არ აქვს შეტანას“, - აცხადებს ფერმერი.
რაც შეეხება ექსპორტს, ფერმერ ამბობს, რომ ჯერჯერობით ექსპორტისთვის მცირე მოსავალს აწარმოებს.
„ალბათ სამომავლოდ შეიქმნება გადამამუშავებელი საწარმოები, ისევე როგორც დღეს ეს თხილზეა. ან მე შევქმნი და შევიძენ სხვისგან და გადამუშავება დასაწყობების შემდეგ ექსპორტზე გავიტან. რადგან ნუშის ექსპორტს ფერმერები ინდივიდუალურად ვერ შეძლებენ“, - აცხადებს ზაზა ხელხელაური.
რაც შეეხება წლევანდელ სეზონს 1 ძირზე 10-15 კილო ნუშის მოსავალს ელოდებიან. მთლიანობაში სეზონზე შესაძლოა, მოსავლის მოცულობამ 12-14 ტონა შეადგინოს.
უახლესი