დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Sugar Free მენიუს 70%-ის შეცვლასა და ქსელის გაფართოებას გეგმავს

Sugar Free მენიუს 70%-ის შეცვლასა და ქსელის გაფართოებას გეგმავს

25-06-2024 14:00:00

ქართული ტკბილეულის ბრენდი Sugar Free - უშაქრო, მიმდინარე წელს მენიუს 60-70%-ის განახლებას, ქსელის გაფართოებასა და თბილისის სავაჭრო ცენტრებში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა რუსუდან კვანტალიანმა განუცხადა.

პირადი ინვესტიციით შექმნილი Sugar Free თითქმის სამი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ორ ფილიალს ფლობს თბილისში, ვაკეში და საბურთალოზე. Sugar Free-ს პროდუქციის ნაწილი ასევე იყიდება ჰიპერმარკეტ გუდვილში.

„ჩვენი ყველა პროდუქტი უშაქროა. ვაწარმოებთ სხვადასხვა კატეგორიის უშაქრო ტკბილეულს, მათ შორის არის:  უგლუტენო, კეტო-მეგობრული, ულაქტოზო და ვეგანური პროდუქცია. ჩვენს მენიუში, რომელიც 60-მდე დასახელების პროდუქტისგან შედგება, აღმოაჩენთ როგორც მუსოვან ასევე გამომცხვარ თუ ტრადიციულ დესერტებს. ვამზადებთ სნექებს და გვაქვს სასმელების უხვი არჩევანი“,- ამბობს რუსუდან კვანტალიანი.

მისი თქმით, Sugar Free-ს პროდუქციის გაყიდვებში მნიშვნელოვანი წილი კორპორატიულ გაყიდვებს უჭირავს. „მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების ძირითადი წილი მოდის ინდივიდუალური მომხმარებლისგან, B2B საერთო გაყიდვების დიდ წილს მოიცავს“, - ამბობს მეწარმე.

Sugar Free-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე გაიზარდა მოთხოვნა ბრენდის ცივ სასმელებსა და ნაყინზე.

„წელს მენიუში დავამატეთ უშაქრო, ულაქტოზო, უგლუტენო მილქ შეიკი, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ასევე, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ მოჩის წარმოების განახლებას, რომელიც ჩვენი მენიუს შემადგენელი ნაწილი გასულ წელს გახდა. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია“, - ამბობს რუსუდან კვანტალიანი.

როგორც მეწარმე ამბობს, Sugar Free-ს პროდუქციის წარმოებისას ხარისხი უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. პროდუქტების დასამზადებლად იყენებენ იაპონიაში და ვეროპის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ ნედლეულს. ბრენდი ასევე აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეწარმეებთან.

ამ დროისთვის Sugar Free თბილისში ორი ფილიალითაა წარმოდგენილი და 15 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები