დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სწორი სტრატეგიის შესაბამისად, 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდულად გაზრდილი შემოსავლები მივიღეთ - მარიამ ქვრივიშვილი

სწორი სტრატეგიის შესაბამისად, 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდულად გაზრდილი შემოსავლები მივიღეთ - მარიამ ქვრივიშვილი

12-02-2024 16:40:00

„2023 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო.  ჩვენ, სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კერძო სექტორთან ერთად, არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ შემოსავლები, რომელიც ტურიზმიდან გვქონდა პანდემიამდე, არამედ ეს მონაცემი 26 პროცენტით გავაუმჯობესეთ. ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან 4,1 მლრდ დოლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით, რაც კიდევ ერთი წარმატებაა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა 2023 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორის შედეგების შეფასებისას.

2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს დაახლოებით 26%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა და რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი შეადგინა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს წარმატება მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, მათ შორის, სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შედეგია. „ჩვენ 2023 წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ სათხილამურო ჩემპიონატს ბაკურიანში. გარდა ამისა, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin -ი. ამ და სხვა ბევრმა აქტივობამ, რომლებიც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ, გამოიღო ის შედეგი, რითიც თითოეული ჩვენთაგანი ვამაყობთ. დარწმუნებული ვართ, რომ 2024 წელი იქნება ახალი წარმატების საწინდარი," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაზეც. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან. 2023 წელი ამ კუთხითაც წარმატებული იყო. ჩვენ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ევროპული ავიაკომპანია, ასევე ავიაკომპანია ინდოეთიდან, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირებას, რაც პირდაპირ აისახა ტურისტული ნაკადებისა და სექტორიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა 2024 წლის სამომავლო გეგმებზე. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა; კიდევ უფრო მეტ და მნიშვნელოვან ღონისძიებას ვუმასპინძლოთ და გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო წვდომა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამოქმედო გეგმითა და სწორი სამთავრობო პოლიტიკით, ასევე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2024 წელი იქნება ყველაზე წარმატებული წელი ტურიზმსა და ავიაციაში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები