საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების ტემპი დაჩქარდეს.
„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონის პროექტებისადმი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტი ევროკომისიამ 2022 წელს დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის შექმნას აზერბაიჯანიდან საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ეს განიხილება, როგორც რუსეთთან ევროკავშირის ენერგეტიკული ურთიერთობების გაწყვეტის შედეგად ზარალის კომპენსაციის ერთ-ერთ გზად და ამავე დროს, ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივას ეწინააღმდეგება.
2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
„
უახლესი