„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა“ კონკურენციის სააგენტოს ჯარიმის გასაუქმებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ, დაკისრებული ჯარიმის გაუქმების მიზნით, კიდევ ოთხმა კომპანიამ „ლუკოილ-ჯორჯიამ“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“, ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიამ“, და „რომპეტროლ საქართველომ“ მიმართეს.
Business Insider Georgia ამ კომპანიებთან დაკავშირებას ცდილობს და ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწოდებთ.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა.
საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.
კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა. სააგენტოს შეფასებით, განსახილველ პერიოდში, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე არაევროპული საწვავი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული კომპანიის/კომპანიების მიერ ხდებოდა დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ორივე შემთხვევაში (ევროპული და არაევროპული საწვავი), ადგილი ჰქონდა საწვავის თვითღირებულებიდან მომდინარე კონკურენტული უპირატესობის გამოუყენებლობას.
შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებული იყო მაღალი ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს წარმოადგენდა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.
მოკვლევა, 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. სააგენტოს შეფასების პერიოდი 2022 წლის იანვარ-აგვისტოს შუალედს მოიცავს.
უახლესი
15 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა