საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს, კოტეჯების შემდეგ, უახლოეს ხანებში დამოუკიდებელი გასტრონომიული სივრცის დამატებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-სთან სკიჯის ოჯახის წევრმა მაკო ცირეკიძემ განაცხადა, „სკიჯიმ“ ტურისტული მიმართულებით საქმიანობა 2017 წლიდან დაიწყო.
„ჩვენი უპირატესობაა სოფლის ტურიზმი, ეკოლოგიური გარემო, ეკომეგობრული კოტეჯები, ადგილობრივი სამზარეულო, სეზონური პროდუქტები და ეს ყველაფერი ხილის და ჩირის აქცენტრბით, რადგანაც ჩვენი საქმიანობა ჩირის წარმოებით დაიწყო. ეტაპობრივად კი განვავითარეთ აგროტურისტული და გასტრონომიული მიმართულება.
აგროტურისტული ბიზნესი დაიწყო საოჯახო სახლით, სადაც მოვაწყვეთ 5 სასტუმრო ნომერი. ხოლო 2023 წელს ეზოში დავამატეთ 3 დამოუკიდებელი კოტეჯი. ჯამში გათვლა გაქვს ერთდროულად 20 სტუმრის მიღებაზე, რომელთათვისაც საინტერესოა სოფლის ტურიზმი, ეკოლოგია, ბუნებასთან კავშირი.
2023 წლის მაგალითზე „სკიჯის სახლის“ სტუმრები უცხო ქვეყნები მოქალაქეები იყვნენ, რომელთა შორის გერმანელი ტურისტები ლიდერობდნენ. ასე გვყვადნენ საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, ირლანდიიდან, ამერიკიდან და კანადიდან. რა თქმა უნდა, გვყავდა ქართველი სტუმრებიც.
სტუმრებს ვიღებს როგორც სოციალური ქსელებიდან მიღებული ჯავშნებით (Fb, Instagram) ისე, booking-ის და airbnb-ის საშუალებით. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან“, აღნიშნავს მაკო ცირეკიძე.
თითქმის ყველას თანაბრად ხიბლავთ ავთენტური გარემო, გურიის განსაკუთრებული ბუნება და ადგილობრივი სამზარეულო. რაც შეეხება დარჩენის საშუალო ხანგრძლივობას 3 დღე და 2 ღამეა.
„ერთნაირად აინტერესებთ მთა და ზღვა. კურორტი ბახმარო და შავი ზღვის სანაპიროები ჩვენგან მხოლოდ 40 კილომეტრშია. ასევე, ათვალიერებ სოფელს, მდინარის სანაპიროებს, ნახულობენ ნაბეღლავის ქარხანას, რომელიც ჩვენგან 10 წუთის სავალზეა. მათში არფრთოვანებას იწვევს ასეთი დონის და მასშტაბის წარმოება რეგიონში. ძირითადად გასვლითი ტურები ამ მიმართულებით აქვთ.
რაც შეეხება კერძებს, ყველა კერძი ძალიან მოსწონთ. მათი ემოციებიდან და შთაბეჭდილებებიდან ვრწმუნდებით, რომ თუ კი რამეზეა დღეს მსოფლიოში მოთხოვნა, ეს ნამდვილად არის სოფლის ტურიზმი, გასტრო ტურიზმი, ავთენტური გარემო და ბუნებასთან სიახლოვე.
კერძებში აღაფრთოვანებთ ის, რომ სეზონურ პროდუქტებზეა ყველაფერი მორგებული, განსაკუთრებით მოსწონთ ხაჭაპური, ასევე სახლში დამზადებული ჯემები და მურაბები, ადგილობრივი თაფლი, სახლში გამომცხვარი კექსი. მოსწონთ ყველა კერძი, რომელიც მათ თვალწინ მზადდება. გვაქვს ასევე ჩვენი საფირმო კერძი, რომელიც ჩირებისგან კეთდება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი სამზარეულო ძალიან მოსწონთ“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან მაკო ცირეკიძემ.
სკიჯის ოჯახის წევრი ამბობს, რომ „სკიჯის სახლს“ კოტეჯები სატესტო რეჟიმში აგვისტოდან დაემატა და ოქტომბრის ბოლომდე თითქმის სრული დატვირთვით იმუშავა.
„აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი კოტეჯები აქტიურად ვამუშავეთ. უკვე ვიღებთ 2024 წლის ზაფხულის ჯავშნებსაც.
ჩვენი უახლოესი გეგმაა, რომ გასტრონომიული სივრცე დავამატოთ, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც ჩვენი სტუმრების გამასპინძლება, ასევე ინდივიდუალური სტუმრების მიღება. რეალურად ამ მიმართულებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. გასულმა ზაფხულმა ეს ნათლად დაგვანახა.“, - აღნიშნა სკიჯის ოჯახის წევრმა.
მაკო ცირეკიძის თქმით, საოჯახო ბიზნესი, რომელიც ჩირის წარმოებით დაიწყო დღეს სამ მიმართულებას აერთიანებს: ჩირის წარმოება, სასტუმრო და ადგილობრივი განსტრონომია. ჩირის საწარმო, რომელიც 150 წლის გურულ ოდაშია განთავსებული, აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული მანქანა დანადგარებით. გასულ წელს საწარმომ „HACCP“ სტანდარტი მიიღო და ექსპორტზე გასვლაზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.
„სკიჯი“ ასე ჰქვია ჩირის ბრენდს, რომელიც ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საწარმოში ყოველწლიურად 20 ტონამდე ხილის გადამუშავება ხდება, საიდანაც 5 ტონა ჩირი მზადდება. საწარმო ამზადებს ასევე გატარებული ჩირის კანფეტებს და ხილის ჩაის.
უახლესი