დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად | სტუმარი - ალექსანდრე კვარაცხელია

სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად | სტუმარი - ალექსანდრე კვარაცხელია

12-07-2024 09:45:00

როგორია ქვეყანაში მსოფლიოში ცნობილი სასტუმროთა ქსელის Marriott-ის განვითარების კონცეფცია და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი ტურისტის მოსაზიდად? დეტალებზე  „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ სასტუმროების Courtyard by Marriott Tbilisi-ს, Tbilisi Marriott Hotel-სა და MOXY by Marriott Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი  ალექსანდრე კვარაცხელია საუბრობს.

-დღეს Marriott საქართველოში რამდენი სასტუმროთია წარმოდგენილი და როგორია ქვეყანაში უახლოეს წლებში ბრენდის თუ ქვე ბრენდების  განვითარების კონცეფცია?

- ძალიან კარგი შეკითხვაა, ახლა დავფიქრდი და გამახსენდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. სასტუმრო ბრენდების ქვეყანაში არსებობა ხშირ შემთხვევაში, პირველ რიგში ქვეყნის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. დიდი ხანია რაც Marriott-ში ვსაქმიანობ და როდესაც შეხვედრები გვაქვს რეგიონულ წარმომადგენლებთან, როდესაც ყველანი ვიკრიბებით - აღმოსავლეთ ევროპა, აფრიკა, აზიის ქვეყნები, სადაც მთელი GM-ების წარმომადგენლობის თავყრილობაა და რამდენიმე დღე მიმდინარებს, როდესაც ვუყურებთ ერთი სლაიდია - მსოფლიო რუკა, რომელზედაც ჩნდება წერტილები თუ სად არის Marriott წარმოდგენილი. ამ რუკაზე თუ საქართველოზე იყო ერთი წერტილი, ახლა  უკვე რამდენიმე გაჩნდა. რუკაზე გამოჩნდა ბათუმიც. იმედია, რომ მალე უფრო და უფრო მეტი Marriott-ი იქნება საქართველოში და ინტერესი, ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით, ცნობადობა ამ ქვეყნის იზრდება.

- დაახლოებით 8-10 წლის უკან ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიმყოფებოდი პოლონეთში, ქალაქ სოპოტში, სასტუმრო Marriott -ში და კომპიუტერი დამჭირდა. თან არ მქონდა და როდესაც პირველ სართულზე ჩავედი, კომპიუტერის გარე ეკრანზე ბათუმის Marriott-ის ფოტო იყო გამოტანილი. სიამაყით აღვივსე, რადგან საქართველოს, ბათუმის ფოტო იყო გამოტანილი.

- Marriott-ი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს 140 ქვეყანაშია წარმოდგენილი, რომელსაც 30-ზე მეტი ბრენდი აქვს, მსოფლიოს მასშტაბით ფარავს 8000-ზე მეტ სასტუმროს. Marriott-ი გარდა სახელისა, საინტერესოა იმ კუთხითაც, თუ რა დგას მის უკან. ამ ბრენდის უკან დგას სერვისი,  ძალიან დიდი შრომა თანამშრომლებთან მიმართებით, ეს არის კულტურა თუ როგორი დამოკიდებულება და ურთიერთობა უნდა იყოს სტუმრებთან. იმავდროულად, ბრენდის სამზარეულოს თუ შევხედავთ, Marriott-ი დიდი და კარად დახვეწილია მექანიზმია, სადაც სწორად მართვასთან ერთად მნიშვნელოვანია დისციპლინა, და ამ დისციპლინასთან ერთად უნდა შეახამო სერვისი. რაც ზოგჯერ ძალიან რთულია. 

ღიმილის მომენტი, მიმართვის მომენტი... ამას ყველაფერს Marriott-ი გასწავლის. Marriott-ში კარიერულ ზრდა იწყება დაბალი რგოლიდან. არის ბევრი ისტორია, როდესაც შეიძლება დაიწყო როგორც „ბელბოიმ“ და გახდე გენერალური დირექტორი. ეს სტრუქტურა გაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ მონდომებული და შრომის მოყვარე იქნები და იმავდროულად გექნება სურვილი, რომ ისწრაფოდე წარმატებისა და წინსვლისკენ Marriott-ი ამ შანსს გაძლებს.

ეს სტრუქტურა კარგია ახალგაზრდებისთვის იმიტომ, რომ აქვთ საშუალება მოვიდნენ, გაიცნონ, შეისწავლონ, ბევრი საინტერესო მასალაა, რაც ჰოსპიტალიტისთან მიმართებით დააკვალიანებს და სტიმულს მისცემთ. ზოგი რჩება, ზოგი მიდის, მაგრამ ვისაც Marriott-ში უმუშავია ყოველთვის ახსოვს აქ მიღებული გამოცდილება, მოწესრიგებულობა, დისციპლინა, მიზანდასახულობა.

ეს ტრენინგები ადრე თუ გვიან სხვა სტრუქტურებში უკვე დიდ მნიშვნელობას იძენს. დავბრუნდები საქართველოსთან მიმართებით და მოკლედ გეტყვით, რომ როდესაც Marriott-მა საქართველოზე ფიქრი დაიწყო და ბრენდის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ჩაატარეს ბაზრის კვლევა. იმიტომ, რომ უკვე ცვლილებები მოხდა, სსრკ დაიშალა, საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო და სტუმარ-მასპინძლობისთვისაც მზად იყო. ამ პერიოდში ქვეყანაში უკვე ჩამოდიოდა ბევრი დელეგაცია. Marriott-მა დაინახა, რომ არის ისტორიული შენობა, არიან ძალიან კარგი პარტნიორები.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ GMT-ი ბატონი გიორგი თავაძის ხელმძღვანელობით იყო ის პარტნიორი, რომელმაც რეალურად დაარწმუნა Marriott-ი საქართველოში შემოსულიყო, რაც იმ პერიოდში არ იყო მარტივი. გახსოვთ სამოქალაქო ომის დროს Marriott Tbilisi-ს შენობა სრულად განადგურდა და მის წინ ტანკები იდგნენ. როდესაც ელემენტარულად არ იყო ელექტროენერგია ამ დროს ქართულმა მხარემ ბრენდს ინვეტიციების განხორციელება და პარტნიორობა შესთავაზა.  

GMT სასტუმროების ბრენდმა შეძლო, რომ Marriott-ი  პირველი შუქურა გამხდარიყო საქართველოში და ამ შენობაში შესულიყო ბრენდი (Marriott Tbilisi-ის შენობა), რომელიც 1915 წელს აშენდა, რომელიც თავის დროზე ცნობილი იყო როგორც მეჯისტიკი, სადაც ისტორიულად სასტუმრო იყო.

სასაცილო ისტორიაა... როდესაც წითელი არმია შემოვიდა თბილისში თქვეს, რომ არ სჭირდებოდათ სასტუმროები, შეცვალეს შენობის პროფილი და გახსნეს საავადმყოფო. მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ საბჭოთა ხალხსაც სჭირდებათ სასტუმროები და შემდეგ Intourist-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნა სასტუმრო.

საბოლოოდ მოხდა ისე, რომ Marriott-მა განაცხადა, რომ თუ ინვესტირებას გადავწყვეტთ, ამ შენობაში შევალთო. 2002 წლიდან იწყებს საქართველოში Marriott-ი ოპერირებას, 2004 წელს უკვე გაიხსნა  Courtyard by Marriott Tbilisi, შემდგომ კი გაიხსნა MOXY by Marriott Tbilisi.

MOXY საინტერესო ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში წარმოდგენილი იყო რამდენიმე ადგილას, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამიერკავკასიაში არ არსებობდა. MOXY -ს კონცეფცია მოდის სკანდინავიიდან. მისი დედააზრია, რომ უნდა იყოს ძალიან მოსახერხებელი სტუმრისთვის, რომელიც რჩება სასტუმროში. მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ხალხთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, რასაც ლობის ვეძახით არის ძალიან მეგობრული, სადაც საღამოობით სტუმრები იკრიბებიან, საუბრობენ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ასე შემდეგ.

ოთახი არის 18 კვ/მ. თავიდან, რომ მითხრეს ძალიან შემეშინდა და გამიკვირდა თუ 18 კვ/მ-ში როგორ შეიძლება სტუმარმა კომფორტულად იგრძნოს თავი. თუმცა ყველაფერი იმდენად კარგად არის დაგეგმილი თავისი აბაზანით საძინებლით. აუცილებლად ტექნოლოგიურად წინაა წასული ბევრი საკითხი, თუნდა განათება.  საწოლების ხარისხი, რომელიც ცნობილია და  ეს კომფორტული ზონა ყველასთვის ძალიან მეგობრული გახდა. სასტუმრო არის ბიუჯეტური და საფასო პოლიტიკის მხრივ ძალიან მისაღებია საშუალო მენეჯმენტის რგოლისთვის. თუმცა MOXY by Marriott Tbilisi-ს ბევრი ევროპული საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობენ. მათთვის ეს ბრენდი ცნობილია, მათთვის მისაღებია ის კულტურა, სერვისი და საფასო პოლიტიკა, რომელსაც Marriott-ი სთავაზობს.

MOXY-ის სუსტი მხარეა ის, რომ არაა აქვს ძლიერი სარესტორნო სფერო. მაგრამ GMT სასტუმროებმა MOXY-ისთვის შექმნეს საკმაოდ კარგი ადგილმდებარეობა, სადაც არის „პური გულიანი“, „რიგი“ და ეს კუთხე გახდა ძალიან მიმზიდველი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველო იყო პიონერი ამ საკითხში. აღნიშნულ კონცეფციას მხარი დაუჭირა სომხეთმა და მალე სომხეთში MOXY-ი გაიხსნება და შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანიც ამ მიმართულებით წავიდეს. 

- Marriott-ის სასტუმროებში რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ხარისხის ნიშანი რაც ამ ქსელს აქვს რეალობაშიც იგივეა. ზოგი ბრენდის შემთხვევაში არის, რომ სასტუმროს ხარისხის ნიშანი აქვს, მაგრამ რეალურად იმ დონის მომსახურება აღარ აქვს, მაგრამ Marriott-ის შემთხვევაში იღებ იმ სერვისს რაც გინდა რომ მიიღო.

- საქართველო საინტერესოა იმითაც, რომ თბილისში უკვე მრავალფეროვნებაა. StarWood-თან შერწყმის შემდეგ გაიზარდა ჩვენი წარმომადგენლობა. უკვე გაქვს 5 Marriott-ი და დანარჩენი ფაიფლაინშია. ყველა სეგმენტი გვაქვს შევსებული. არის ლაქშერი, ჩვენ წარმოვადგენთ full service-ს , არის საბიუჯეტო  MOXY, ფაიფლაინშია თბილისში AC სასტუმროს გახსნა.

როდესაც ჩვენი დეველოპერები ჩამოდიან ვუსვამთ კითხვას, არის კი საჭირო ამდენი Marriott-ი? კი მოთხოვნა დიდია, ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ შიდა კონკურენცია მაინც არის. გულწრფელი ვიქნები, ეს შიდა კონკურენცია არც თუ ისე მარტივია, რადგანაც იქაც იგივე მაღალი სტანდარტია. მაგრამ ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ იმდენად მოთხოვნადია საქართველო, ბრენდი იმდენად დიდი შესაძლებლობებს ხედავს, რომ ნელ-ნელა იწყებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. იმედია უფრო მეტი ბრენდი შემოვა, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ უკვე დაიძრნენ რეგიონებისკენ.

საქართველოში უკვე შემოვიდა Four Points-ი. ხედავთ, რომ ბათუმი საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა. იმედია, რომ ბრენდი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც შევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შეკრებაზე, როცა საქართველოს რუკას შევხედავთ უფრო მეტი წერტილები გამოჩნდება. Bonvoy პროგრამაში მყოფ ბევრ უცხოელს ექნება საშუალება, რომ ჩამოვიდეს, ნახოს და კიდევ ერთხელ შეისწავლოს ბრენდი და როდესაც საქართველოს დატოვებენ უკვე სხვებს მოუყვნენ ჩვენზე და სხვა ქვეყნებს შორის უფრო ძლიერ ტურისტულ ჰაბად ჩამოვყალიბდეთ. სტუმარ-მასპინძლობა ქართველი ხალხის სისხლშია და ბევრი საინტერესო რამის შეთავაზების საშუალება გვაქვს.

- გეთანხმებით, სტუმარ-მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. თქვენც ახსენეთ, რომ სხვადასხვა საფასო სეგმენტზე გათვლილი სასტუმროები გაქვთ საქართველოში, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც სახელმწიფო სექტორში ვსაქმიანობდი, სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები პირდაპირ ითხოვდნენ Marriott-ს, არც კი გვაცდიდნენ ჩვენი შეთავაზებების გაკეთებას.

 

- ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენს უცხოელ სტუმარს  იღებ თუ სად გაუმასპინძლდები. ზოგჯერ საფასო პოლიტიკა აშინებთ, მაგრამ ქვეყანაში შემოვიდნენ სხვა ბრენდები და ესეც Marriott-ის დამსახურებაა.

Radisson-ი, Hilton-ი, Accor ჯგუფის სასტუმროები შემოვიდნენ ძალიან აგრესიულად. ჩვენ, Marriott უკვე დაფუძნებულები ვართ და თამამად ვიტყვით, რომ Tbilisi Marriott Hotel-ში იყო აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენთან დარჩა კონდოლიზა რაისი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი და ყველა ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიოდნენ ჩვენთან ჩერდებოდნენ.

ეს არის იმისი ხაზგასმა, რომ  Marriott-ში შესაძლებელია იმის მიღება, რასაც სასტუმროსგან ელოდები, ესაა მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება და იმის გარანტია, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდები.

- პრეზიდენტები ვახსენეთ და ჩემი სახელმწიფო სექტორში მუშაობის პერიოდში მქონდა შემთხვევა, უცნაური მოთხოვნების მქონე პრეზიდენტების ვიზიტზეც. მინდა აღვნიშნო, რომ ფანტასტიკური მოქნილობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინა  Marriott-ის ​მენეჯმენტმა და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და პოტენციური უხერხულობაც კი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო, მოიხსნა.  კიდევ ერთხელ უსაფრთხოება, მოქნილობა, ხარისხი არის ის, რაზეც არ დარდობ, როდესაც სტუმარს Marriott-ს აბარებ.

- დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. შენ გქონდა საშუალება სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან ურთიერთობის და მათ გუნდთან და დარწმუნებული ვარ ეს შეფასებაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს მათი გამოხმაურება იყო. საქართველოში ყველა იმისთვის ვიღვწით, რომ რამენაირად გავაცნოთ ქვეყანა ყველას. ის რაც მოხდა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე და შემდეგ თავისუფლების მოდენაზე იყო საოცრება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს. უღრმესი მადლობა იმ ბედნიერებისთვის, რაც ჩვენ მოგვანიჭეს. რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიტანეს საზღვრებს გარეთ საქართველოს სახელი და ხაზგასმით კიდევ ერთხელ გააცნეს და შეაყვარეს ქართველი ხალხი ყველას და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბედნიერი დღეები და წუთები გვქონდა.

- არ ვიცი ქვეყანას რამდენი ფული უნდა დაეხარჯა საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობისთვის და მარკეტინგული აქტივობებისთვის, რომ იმის ნახევრისთვის მიგვეღწია, რაც საქართველოს ნაკრებმა 10-12 დღის განმავლობაში  ევრო 2024-ში მონაწილეობითა და თამაშით გააკეთეს. აქედან გამომდინარე რამდენით შეიძლება საქართველოს ცნობადობა გაზრდილიყო?

- ივენთები, როდესაც MICE ტურიზმის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფები ქვეყანაში ჩამოდიან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს და ამ მიმართულებით უფრო მეტი საშუალება ექნება ქვეყანას.

ძალიან მნიშვნელოვანი ივნეთი იყო ejen developer bank-ის მიერ ჩატარებული როდესაც იმდენი დელეგატი იყო ჩამოსული, რომ მთლიანად აითვისეს სასტუმროების ბაზარი. ეს ქვეყნის ცნობადობისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. თუ ასეთი სახის ღონისძიებებს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ძალიან ეხმარება ქვეყანას ცნობადობის გაზრდაში და ასევე თანმდევ არსებულ სტრუქტურებს. ტრანსპორტირება, ფრენები, რესტორნები - ბევრი ინფრასტრუქტურა ხდება თანამონაწილე ამ დიდი ღონისძიებების.

- ცხადია, ჩვენთან ახალს არ ვიგონებთ და ვიყენებთ იმას, რაც მსოფლიოში ნაცადი და აპრობირებულია. იგივე ჩვენ „ეკონომიკური ფორუმი“ ვამაყობთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორია „პოლონეთის ეკონომიკური ფორუმი“, რმელიც  გახდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ანალოგი პოლონეთში. როგორც შვეიცარიამ შეძლო დავოსის ბუსტინგი თავის დროზე, მსგავსი გააკეთა პოლონეთმაც და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიზიდულობის ცენტრი გახდა. თავად პოლონეთის ეკონომიკური ფორუმი უკვე ნომერ მეორეა ევროპაში, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი. იმავდროულად გამოიწვია გარშემო ქვეყნების დიდი ინტერესი. ხშირად ფორუმებს იმისთვისაც აკეთებენ, რომ ეს იყოს ქვეყნის პოპულარიზაციის საშუალება.

- დიდი მადლობა მინდოდა მეთქვა იმისთვის, რასაც შენ ჩაუყარე საფუძველი და წინ მიდიხარ. თქვენ მიერ შექმნილი ორგანიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მომავლისთვის. შეიძლება დღეს ვერ ვაფასებთ იმას თუ რა შრომასაც თქვენ წევთ, მაგრამ ასეთი სახის ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ადგილზე სადაც გაქვს სეზონურობა და წლის პირველი კვარტალი არის წყნარი, მშვიდი. მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი გაძლევს საშუალებას, რომ მეტი დატვირთულობა და ინვესტიცია გაკეთდეს ქვეყანაში, რადგან თითოეული ჩამოსული სტუმარი ეს არის დამატებითი შემოსავალი ქვეყნისთვის. კიდევ ერთი დიდი საშუალებაა, რომ მოხდეს განახლება და კარგი გაგებით „შენი ქვეყნის კარგი მყიდველი“ შეიძინო კარგ გულშემატკივართან ერთად.

 ის, რომ ჩამოსული ადამიანი შემოსავალს შენს ქვეყანაში ხარჯავს ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და ვალუტის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, ხოლო ჰოსპიტალიტის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლების დასაქმებაა შესაძლებელი.

დაბალ სეზონზე სასტუმროს ნაკლებ ხალხს ასაქმებს  და თუ 12 თვე ინტენსიურადაა დატვირთული, მაშინ სასტუმრო აღარ არის სეზონური.  თანამშრომლებს მუდმივად ასაქმებს და ამ დროს სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. ადამიანის კეთილდღეობა სწორედ სტაბილურობითაა განპირობებული. შესაძლებელია ახალგაზრდების დასაქმება, მათთვის ნორმალური პირობების შექმნა სამომავლოდ მეტი გამოცდილებისა და პერსპექტივისთვის. როცა ახალგაზრდა დასაქმებულია რაღაცას ქმნის, ანაზღაურებას იღებს, ინვესტიციას აკეთებს საკუთარ თავსა და  მომავალში.

სხვადასხვა სახის კონფერენციებისა და ფორუმების საქართველოში დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია, მეტი პირდაპირი ფრენების არსებობა. მადლობა მინდა ვუთხრა მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც მართლა მონდომებულია, რომ თავის შრომით, მიზანდასახულობით ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, რომ გვქონდეს უფრო მეტი პირდაპირი რეისი. ვფიქრობ, რომ მომავალი არის, სასტუმროები ვითარდება და იზრდება. ჩემი აზრით, უფრო მეტი ცენტრები უნდა გაჩნდეს, რომელსაც უფრო მეტი სერვისის და მომსახურების მიწოდების საშუალება ექნება, რაშიც დღეისათვის მოვიკოჭლებთ.

- მალე ქვეყანაში ახალი აეროპორტის მშენებლობა დაიწყება, რა შეიცვლება ქვეყნისთვის და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის?

- ამ საკითხში ძალიან სუბიექტური ვიქნები და გეტყვით, რომ ქვეყნისთვის რაც მნიშვნელოვანია ეს არის სტაბილურობა და სიმშვიდე. თუ 2019 წლის შემდეგ უკვე 2023 წელს და მიმდინარე პერიოდს თუ დავაკვირდებით, მიმდინარე წლის 29 აპრილამდე ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ზრდა, როგორც დატვირთვის, ისე საშუალო ფასის თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც დიდი აქციები დაიწყო, არასტაბილურმა მდგომარეობამ ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენა. Marriott -ის ორივე სასტუმრო მოვლენების ეპიცენტრშია და ძალიან უხერხული ვთარება შეიქმნა, როდესაც ბევრი დელეგაციის ვიზიტი გაუქმდა, ბევრი გადადო, ბევრმა სტუმარმა ჩათვალა, რომ საშიშია. თუმცა ვიტყვი გულახდილად, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე ჩვენი სტუმრისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ ან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ.

ჩვენი გუნდი ძალიან ორგანიზებულად მუშაობდა. მადლობელი ვარ თითოეული ჩემი თანამშრომლის. ჩვენ სხვადასხვა ალტერნატივები გვქონდა შემუშავებული გაყვანის, მაგრამ როდესაც დიდი პროექტებზე მიდის მსჯელობა, თუ ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა და სიმშვიდე ყველაფერი ეს დიდი რისკის ქვეშ იქნება.

რასაც მე ვუყურებ, ჩემ სეგმენტში ვერ ვხედავ ევროპელების გამოჩენას, ვხედავთ კლებას ამ ბაზრებიდან. მე ვერ ვხედავ ბალტიისპირეთიდან სტუმრების რაოდენობის ზრდას, აქაც კლებაა. აღარ მაქვს საუბარი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ისრაელის კონფლიქტი თუ რუსეთ-უკრაინის ომი, ყველაფერი მოქმედებს, მაგრამ  ამას დამატებული ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობა მეტად აფრთხობს ვიზიტორებს.

როდესაც სხვადასხვა ტურისტული კომპანიებთან და სხვა GM-სთან საუბარი მქონდა ახალ ბაზრებთან მიმართებით, ესენია ინდოეთის ბაზარი, ჩინეთის ბაზარი, გალფის ქვეყნები, ისინი ერთხმად აღნიშნავენ  და  სვამენ კითხვას, თუ რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა. არავის არ აქვს სურვილი ეპიცენტრში მოხვდეს, მით უმეტეს თუ ადამიანი დასასვენებლად ჩამოდის.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა და იმავდროულად, პარალელურ რეჟიმში არ განვითარდება ის ინფრასტრუქტურა რაც საჭიროა ეკონომიკისთვის, სასტუმროსთვის, ამ სექტორში მგრძნობელობა მაღალია და ყოველთვის გამოწვევა გექნება და სამწუხაროდ, ჩვენი მეზობელი ქვეყნები სტუმრებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. იმიტომ, რომ იქ არის სიწყნარე და სიმშვიდე. ბევრი არაბული ქვეყნის წარმომადგენელმა არჩევანი სწორედ ამ ქვეყნებზე გააკეთა. იმიტომ, რომ სტაბილურობის ფაქტორი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, რომ ტურიზმი საკმაოდ მგრძნობიარე მიმართულებაა. ვნახეთ, თუ ნებისმიერი სახის სპეკულაციას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ვერანაირი რეკლამა ვერ უშველის თუ სტაბილურობის ფაქტორი არ იქნება. საქართველომ მისი კონკურენტული უპირატესობა გამოიყენოს, გათვლები ვისზე და ტიპის ტურისტებზე უნდა გააკეთოს?

- ხშირად მიფიქრია, გვიმსჯელია შეგვიდარებია. საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სასტუმროების რაოდენობა მზარდია. ამ შემთხვევაში მე Marriott-ის ბრენდზე ვსაუბრობ, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, აქ არ ცხოვრობს ძალიან ბევრი  შეძლებული ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ინვესტირებით. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ პერსპექტივებს. როგორც ჩვენმა ინვესტორებმა 2002 წელს დაინახეს საქართველოში პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ბიზნესი აკეთო და იყო წარმატებული. ბიზნესის კეთება ნიშნავს იმას, რომ იყო მომგებიანი. საქართველოს აქვს ღმერთისგან ბოძებული ადგილმდებარეობა, ბუნება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ხალხი. ქართული ხასიათი, სიალალე, კეთილშობილება იზიდავს ტურისტს. არის შესაძლებლობა უფრო მეტ ტურისტს აჩვენო რამდენად მრავალფეროვანია თუნდაც სვანეთი და ბათუმი. ერთი სტუმარი გვყავდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან არის მთაში, სადაც შეიძლება თოვდეს, და 2 საათში უკვე შესაძლებელია ნახო ზღვა, რაც ცვლის განწყობას. ეს შესაძლებლობა კარგად უნდა იყოს გამოყენებული.

- აჭარაში მართლაც კარგ კომბინაციას ქმნის გოდერძის კურორტის განვითარება.

- დიახ. ხევსურეთის ნაწილი უფრო ძლიერად უნდა იყოს გამოყენებული. იგივე ყაზბეგი, გუდაური, ბაკურიანი, ვფიქრობ, რომ მანდაა ქვეყნის პერსპექტივა. ქვეყნის ადგილმდებარეობასთან ერთად და სერვისთან ერთად მნიშვნელოვანია ფორმები, რათა უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდეს. თუმცა არის დიდი გამოწვევაც, ახალგაზრდობა მიდის. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ უკვე სტაჟთან მიმართებით გვიჭირს. პრობლემა გვაქვს ასევე მეორე მიმართულებით, რაზეც საფიქრალია, ეს არის პროფსასწავლებლები. მაგალითად „იკაროსი“ ძალიან ძლიერია, მაგრამ არ არის საკმარისი. ვფიქრობ, რომ თუ ამ მიმართულებაში ჩაიდება მეტი თანხა და მეტი გადამზადების ცენტრი გაიხსნება ეს უფრო დაგვეხმარება.

თუმცა ჩვენ ვართ პოზიტიური ხალხი, გვჯერა მომავლის. მჯერა, რომ თუ გაგრძელდება ბრძოლა მომავლისთვის, შრომა, მონდომება, სწავლა, იქნება სიმშვიდე და კარგი პერსპექტივა ჩვენი სფერო უფრო წარმატებული გახდება. თუ მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ კონკურენცია არის, მაგრამ ამ კონკურენციაში მთავარია ის, რომ საქართველო მიმზიდველია, იდება ინვესტიციებია, არის ბევრი ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული და ნელ-ნელა კიდევ უფრო განვითარდება. ამ მოზაიკაში ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს ქვეყანას და ჩვენს მიმართულებას და სფეროს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები