დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
SKA-მ პრაღაში მეორე ფილიალი გახსნა

SKA-მ პრაღაში მეორე ფილიალი გახსნა

19-11-2024 18:00:00

ჯანსაღი კვებისა და წვენების ქართულმა ბრენდმა SKA-მ ჩეხეთში, პრაღაში, მეორე ფილიალი გახსნა.

როგორც Business Insider Georgia-ს SKA-ს დამფუძნებელმა, გიორგი ტალახაძემ განუცხადა, მეორე ფილიალი პრაღაში ერთი კვირის წინ გაიხსნა.

„პირველი ფილიალი პრაღაში სექტემბერში გავხსენით, ხოლო მეორე ერთი კვირის წინ. სკას ბუნებრივია აქ არ იცნებენ, ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან, რომლებიც გვეხმარებიან მაქსიმალურად მოკლე დროში გავაცნოთ ბრენდი ადგილობრივ ბაზარს. რაც მთავარია, ციფრები უმჯობესდება კვირიდან კვირამდე და დარწმუნებული ვართ, რომ მივიღებთ იმ შედეგს, რაც დაგეგმილი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ტალახაძემ.

მისი ინფორმაციით, ინვესტიციამ ორივე ფილიალის გახსნისთვის 850 ათასი ევრო შეადგინა. 

როგორც SKA-ს თანადამფუძნებელი ამბობს, ასევე გეგმავენ ცენტრალური ევროპის სხვა ქალაქებში შესვლასა და ბიზნესის განვითარებას მომდევნო წლებში. განიხილება CEE-ის სხვა ქალაქები.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, SKA  მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი.

„ორ ლოკაციაზე გვაქვს სალათ ბარის კონცეფცია, რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია და რომელსაც ჯანსაღი ცხოვრების ტრენდიდან გამომდინარე, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. სალათ-ბარის კონცეფცია ჩვენ შემოვიტანეთ ბაზარზე და გვგონია, რომ ამ კონკრეტულ მიმართულებას აქტიურად გავზრდით მომდევნო წლებში. რაც შეეხება SKA-ს juice bar-ის კონცეფციას, ამ ეტაპზე გაფართოებას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი ტალახაძემ.

SKA ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. კომპანია 15 ფილიალიან ქსელს აერთიანებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები