2023 წელს ეკო ტურისტული სეზონი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, - აცხადებს Business Insidrr Georgia -თან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ თევდორაშვილი.
მისივე თქმით, წელს დაცულ ტერიტორიებზე მისულ ვიზიტორებს სიახლეები დახვდებათ, მათ შორისაა 3D განათებები.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებისთვის. წელს მიმდინარეობს ახალი, 1200 კმ-იანი ბილიკების ქსელების მოწყობა სხვადასხვა ტერიტორიებზე: ლაგოდეხში, ბორჯომში, აჯამეთში. თითქმის ყველგან სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ასევე პირველად საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ღამის 3D განათებებს მოვაწყობთ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე. ეს ნიშნავს, რომ მოგზაურები უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეძლებენ (ანუ ღამის საათებშიც) ლოკაციების განსხვავებული, მარტივი და ზღაპრული განათებების ფონზე დათვალიერებას.
3D განათებების მონტაჟისა და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესი ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნამდე დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 1 მლნ ლარზე მეტია“, - აცხადებს თევდორაშვილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმითვე, ჯამში 2023 წელს, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურის პროექტებში 17,5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.
რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ვიზიტორების აქტივობა ზამთრის ტურისტულ სეზონზეც მაღალი იყო.
„იანვარ-აპრილის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცულ ტერიტორიებზე საკმაოდ აქტიური სეზონი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდი აქტიურ ტურისტულ სეზონად არ ითვლება.
2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებთან შედარებითაც კი 34%-იანი ზარდა გვაქვს.
გამოვყოფ 4 დაცულ ტერიტორიას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია: სათაფლის, პრომეთე, ოკაცეს კანიონი და მარტვილის კანიონი.
ამ ტერიტორიებზე, როგორც წესი აქტიური ტურისტული სეზონი ზაფხულის პერიოდში იწყება, მაგრამ წელს ზამთარიც კი საკმაოდ აქტიური გვქონდა. მაგალითად, კონკრეტულად სათაფლიის შემთხვევაში 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 91%-იც კი იყო“, - ამბობს ნიკოლოზ თევდორაშვილი.
იანვარ-აპრილში დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ნაკადი პოლონეთიდან, ინდოეთიდან, გოლფის ქვეყნებიდან და ყაზახეთიდან დაფიქსირდა.
უახლესი
44 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”