საშუალოვადიან პერსპექტივაში ტრანსკასპიურ მარშრუტზე გადაზიდვების მოცულობა ხუთჯერ შეიძლება გაიზარდოს.
ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოქალაქეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.
„ტრანსკასპიური მარშრუტი მოწოდებულია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა ხუთჯერ შეიძლება გაიზარდოს. ამისათვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები პარტნიორ ქვეყნებთან. - ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და თურქეთთან“, - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში, რომელიც ყაზახეთის მოსახლეობას გაეგზავნა.
მისი თქმით, აუცილებელია ბახტის გადაკვეთაზე ახალი „მშრალი პორტის“ აშენება, აქტაუში საკონტეინერო ჰაბის მშენებლობის დაჩქარება და შუა დერეფნის გასწვრივ შავ ზღვაზე პორტის ობიექტების გაფართოება.
"უკვე დაწყებულია ყაზახური ტერმინალების მშენებლობა ჩინურ სიანში და საქართველოს პორტ ფოთში. ეს არის რეალური მაგალითები იმისა, თუ როგორ არის შერწყმული ჩინური მეგაპროექტი "ერთი სარტყელი და ერთი გზა" ჩვენს ეროვნულ ინიციატივებთან. სატრანსპორტო პოტენციალის ზრდა დამოკიდებულია ჩვენს კონსტრუქციულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ყველა მეზობელ ქვეყანასთან, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან, ჩვენს კარგ მეზობლებთან ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.
დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.
მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
უახლესი