საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიის IBEX LOGISTICS-ის დირექტორი ლევან თათარაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ აშშ-ს და ევროპის მიმართულებით გადაზიდვებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით გადაზიდვების გააქტიურებას დიდწილად შეუწყო ხელი ჩინეთის ფაქტორმა, განსაკუთრებით გადაზიდვებთან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვამ.
„ჩინეთმა გადაზიდვების პირობები გაამკაცრა და კომპანიები ალტერნატივის გარეშე გადაერთნენ ევროპისა და აშშ-ს ბაზრებზე. ამერიკული ბაზარი ერთ-ერთი მოწინავეა და დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, ვინაიდან ექსპორტი, წინა წლებთან შედარებით, გაათმაგებულია. თუმცა ეს არ არის გრძელვადიანი ტრენდი, არის შემთხვევები, როცა აზიის მიმართულება ხდება მოთხოვნადი, მუდმივად იცვლება სიტუაცია, დღეს ეს მოცემულობაა, მაგრამ რა იქნება მომავალში, რთულია პროგნოზი", - ამბობს IBEX LOGISTICS-ის დირექტორი.
ლევან თათარაშვილის თქმით, მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, აზერბაიჯანულ და უკრაინულ კომპანიებთან კონკურენცია უჭირთ, რის მიზეზადაც იგი ავტოპარკთან დაკავშირებულ პრობლემას მიიჩნევს.
„საქართველოს დერეფანში განსაკუთრებით აქტიურობენ უცხოური კომპანიები, უმეტესად რუსული და აზერბაიჯანული, რომლებსაც დიდი ავტოპარკი აქვთ და კონკურენციაში ვერ შევდივართ.
ერთ-ერთი მიზეზი არის საწვავის ფასიც, რომელიც საქართველოში შედარებით ძვირია. გარდა ამისა, ძირითად შემთხვევაში დაბრკოლებაა საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც რიკოთზე ხდება, ასევე ლარის კურსი, ლამის ყოველდღიური სავალუტო რყევები ჩვენს საქმიანობაზე ცუდად მოქმედებს და რისკებს გვიზრდის. ძირითადად არარეზიდენტ მოქალაქეებთან გვიწევს მომსახურება და კურსი ნეგატიურად აისახება.
რაც შეეხება მოთხოვნას, ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს ევროპისა და აშშ-ს მიმართულებები, 60-70% ით გაზრდილია მოთხოვნა, რასაც სრულად ვპასუხობთ", - ამბობს ლევან თათარაშვილი.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის დერეფნით 200,736 სატვირთომ ისარგებლა. მათ გადასახადის სახით ბიუჯეტში 70 მლნ 258 ათასი ლარი შეიტანეს.
უახლესი