შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიას განუცხადა.
„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით, საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იყო დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი.
ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც განვაგრძობთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.
შოვში, 3 აგვისტოს მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი ისევ ეძებენ.
უახლესი