დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოვში რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მყისიერად ამ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით - ლევან დავითაშვილი

შოვში რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მყისიერად ამ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით - ლევან დავითაშვილი

07-08-2023 17:14:04

საქართველოში ათასობით მდინარეა და გადაწყვეტილებების მიღება რისკების შეფასების საფუძველზე ხდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს და ჩვენ შევაფასეთ ასეთი 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს, მაგრამ შოვში, მაგალითად, ამ ანალიზის შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და წარმოუდგენელი იყო გათვლა. ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც გვექნებოდა განსაკუთრებული დაკვირვების უბანი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ძალისხმევით, შეძენილია და საქართველოში ფუნქციონირებს სამი თანამედროვე რადარი, რისთვისაც ათეულობით მილიონის ინვესტიციაა განხორციელებული.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, 11 მდინარის აუზში ჩატარებულია ბუნებრივი საფრთხეების კვლევები, რომლის საფუძველზეც არის გაკეთებული რუკები.

„არაერთი სპეციალისტის, წამყვანი გეოლოგების მიერ გაკეთდა განცხადებები კონკრეტულად შოვის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მყისიერად ამ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით, მაგრამ ქვეყანამ, 2018 წლიდან მოყოლებული, ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას.

ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების გაძლიერების კუთხით, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც უნდა გაკეთდეს, შეიძლება უსუსურები ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და სპეკულირება ასეთი თემებით ყოვლად ამორალურია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები