დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შოკოჰოლიკის“ ხელნაკეთი ტკბილეული, რომელიც ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს

„შოკოჰოლიკის“ ხელნაკეთი ტკბილეული, რომელიც ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს

14-09-2023 19:10:04

არტიზანული შოკოლადის საწარმო „შოკოჰოლიკი“, რომელიც 6 სახეობის ნუგას, სხვადასხვა სახის ბომბონებსა და ტრიუფელებს აწარმოებს გაფართოებას და შემდეგ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. 

როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი-სამადაშვილი აცხადებს, დღეისათვის საწარმოს გაფართოებისთვის ინვესტორის მოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

„ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ და ეს ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის, თუმცა მანამდე საწარმო უნდა გავაფართოვოთ. ჩვენი ნუგა სრულად  მზადდება ხელით, ექსპორტზე გასვლას კი  სხვა მასშტაბებს საჭიროებს.

ჩემი პრინციპია, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს დასაქმებული „შოკოჰოლიკის“ წარმოებაში. ამიტომ დაფინანსებას, ინვესტორს ვეძებ ქალების ხელშეწყობის პროგრამებიდან.

ვფიქრობთ, პატარა კაფის გახსნასაც, სადაც წარმოდგენილი გვექნება ჩვენი ხელნაკეთი ტკბილეული. თუმცა მანამდე აუცილებლად საჭიროა საწარმოს გაფართოება. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვართ ჩართული ინვესტორის მოძიების პროცესში. მოთხოვნა დიდია და წარმადობაც დიდი უნდა იყოს“, - ამბობს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

თეა ედიშერაშვილი-სამადაშვილი  „შოკოჰოლიკის“ პროდუქციის გაყიდვების ზრდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ წარმოების დაწყებიდან დღემდე რეალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადა გაზრდილი. 

„გაყიდვები მზარდია. ბაზარზე შემოსვლის პირველი წელი უფრო „შოკოჰოლიკის“ გაცნობის წელი იყო. იმის მიუხედავად, რომ თავად დარწმუნებული ვიყავი ჩემს პროდუქტში, მოლოდინებმა ყველაფერს გადააჭარბა. ჩვენს ბაზარზე გამოსვლის წელს თუ შევადარებთ, წლევანდელ წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა,  საუბარია გაყიდვების ზრდაზე“, - ამბობს  „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ არტიზანული შოკოლადის საწარმო „შოკოჰოლიკი“ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა.

„თავიდანვე მქონდა ინტერესი კონდიტერიის მიმართულებით. კულინარიაში დაახლოებით 8 წლიანი გამოცდილება მაქვს. ინსპირაცია კი ჩემი შვილები იყვნენ, რომელთათვისაც ყოველთვის ვეძებდი ნატურალურ, დანამატების გარეშე ტკბილეულს. შემდეგ მოვიდა ნუგას იდეა და როდესაც მოვამზადე ძალიან ბევრს მოეწონა. ასე დაიბადა ბიზნეს იდეა. დღეს უკვე ვაწარმოებთ 6 სხვადასხვა სახის ნუგას. საქართველოში ერთადერთი საწარმო ვართ, რომელიც რამდენიმე სახეობის ნუგას აწარმოებს. ნუგების გარდა ვაწარმოებთ ხელნაკეთ შოკოლადებს, ბომბონებს, ტრიუფელებს და ასე შემდეგ.

დღეისათვის „შოკოჰოლიკის“ პროდუქცია ძირითადად სმარტის ქსელში იყიდება. ამ ეტაპზე მხოლოდ მათთან ვთანამშრომლობთ აქტიურად. გარდა ამისა, გვაქვს ონლაინ გაყიდვები, კორპორატიული შეკვეთები და ასე შემდეგ. 

ჩვენი პროდუქციის 60-70%-ის საზღვარგარეთ გადის, საჩუქრების სახით. თუმცა ეს არ არის ოფიციალური ექსპორტი. უცხოელები აქტიურად ყიდულობენ „შოკოჰოლიკის“ პროდუქციას საჩუქრად.

ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც ჩამოსულ სტუმრებს საჩუქრად ახვედრებს ქართულ, ხელნაკეთ ტკბილეულს. შემდეგ სწორედ ამ აღფრთოვანებულ ტურისტებს მიაქვთ „შოკოჰოლიკის“ ტკბილეული თავიანთ ქვეყნებში. ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს“, - ამბობს Business Insider Georgia-თან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები