Sheraton Batumi Hotel-ში რენოვაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.
როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, Sheraton Batumi-ს რენოვაცია ორ ეტაპად განხორციელდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმრო სტუმრების მიღებასა და მათ მომსახურებას განაგრძობს.
„მოხარული ვართ გაგიზიაროთ ჩვენთვის უაღრესად სასიხარულო სიახლე იმის შესახებ, რომ აღნიშნული მომენტისათვის ნამდვილად გავდივართ სასტუმრო ოთახების საგულდაგულოდ დაგეგმილი რენოვაციის პროცესს, რომელიც 2024 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.
რენოვაცია ორ ეტაპად განხორციელდება, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველაფერი იმისათვის, რომ სასტუმროში დაბინავებულმა ჩვენმა ლოიალურმა სტუმრებმა არ იგრძნონ დისკომფორტი, მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი გულითადი სტუმართმოყვარეობისგან და გახდნენ ჩვენთვის ესოდენ ამაღელვებელი გარდასახვის მომენტის გულშემატკივარნი,“- განუცხადა Business Insider Georgia-ს Sheraton Batumi Hotel-ის ფრონტ ოფისის მენეჯერმა მეგი ჟღენტმა.
ირკვევა, რომ რენოვაციის პირველ ეტაპზე დაკეტილია სასტუმროს ქვედა სართულები, ხოლო ზედა სართულები და კვების ობიექტები სტუმრების მიღებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
„ამჟამად, ზედა სართულებზე განთავსებული ოთახები, ისევე როგორც ჩვენი არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი ადგილები, მათ შორის ლობი, სპა ცენტრი და რესტორნები, ხელმისაწვდომია ჩვეულ რეჟიმში და აგრძელებენ სტუმრებისათვის განსაკუთრებული ატმოსფეროსა და მომსახურების უზრუნველყოფას. ხოლო, ქვედა სართულებზე განთავსებული ოთახები, რომელიც ოთახების საერთო რაოდენობის დაახლოებით 77%-ს შეადგენს, გადის ტრანსფორმაციის პროცესს“, - განმარტავს მეგი ჯღენტი.
მისივე თქმით, Sheraton Batumi Hotel-ის გახსნიდან ეს არის პირველი სრულფასოვანი რენოვაცია.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გულმოდგინედ ვახორციელებდით ჩვენი ოთახების რუტინულ მოვლას, რათა მიმზიდველი ყოფილიყო ჩვენი სტუმრებისათვის, ხოლო მათში განთავსება კი სასიამოვნო და კომფორტული“, - ამბობს Sheraton Batumi Hotel-ის ფრონტ ოფისის მენეჯერი
ბათუმის შუაგულში განთავსებული სასტუმრო Sheraton Batumi 2010 წელს გაიხსნა და ის მთლიანობაში 202 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს. დახვეწილი დიზაინით გამორჩეული თითოეული ოთახი სტუმარს განსაკუთრებულ გამოცდილებას ანიჭებს.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება