დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით, ენერგიის ევროპაში გაყიდვის შესაძლებლობა ჩნდება - დავით ნარმანია

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით, ენერგიის ევროპაში გაყიდვის შესაძლებლობა ჩნდება - დავით ნარმანია

27-06-2023 11:40:46

საქართველოში მზის სადგურების რაოდენობა და შესაბამისად მათგან გამომუშავებული ენერგია იზრდება. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში მზის სადგურებიდან გენერაციას 40 მგვტ-ზე მეტი დაემატა. 

„საქართველოში ენერგიის მოხმარება იზრდება, მეორეს მხრივ ევროპასთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებით ჩნდება შესაძლებლობა ჩვენი ენერგიის ევროპაში გაყიდვისა და იქიდან შემოსავლების მიღებისა, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავიმყაროთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პოზიცია, მივიღოთ უფრო მეტი შემოსავალი და ვიყოთ ენერგეტიკული თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყანა“, - განაცხადა ნარმანიამ. 

მისივე თქმით, საქართველოს განახლებადი ენერგიების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ამ ყველაფერს სჭირდება კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები.

„მთავრობამ გასული წლის დეკემბერში მიიღო ახალი კანონი, რეგულაცია რომლის მიხედვითაც დაადგინა ხელშემწყობი მექანიზმები და შესაბამისად ჩაატარა პირველი აუქციონი, სადაც 300 მგვტ-ზე გაიცა თანხმობა. აშენდება როგორც ჰიდრო ასევე მზის და ქარის სადგურები.

ეს არ არის მხოლოდ ერი ნაბიჯი. სხვა ნაბიჯებიც იქნება და სხვა აუქციონებიც იქნება, რათა ის პოტენციალი რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ეტაპობრივად უნდა იყოს ათვისებული. 

ამდენად ეს ღონისძიებები, ხელშემწყობი მექანიზმები, მათ შორის სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 500 კვტ-მდე გაიზარდა ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მზის სადგურები.

ეს გვაძლევს შესაბამისს შედეგს. მხოლოდ ბოლო 1,5-2 წლის განმავლობაში 20 მგვტ-ზე მეტი ასეთი დამატებითი ენერგიის წყარო გაჩნდა სახლის სახურავებზე, ან სხვა ტერიტორიებზე მზის პანელების სახით და ეს ტემპი საკმაოდ მაღალია ბოლო პერიოდში. ჯამი მხოლოდ 2016-2022 წლებში 40 მგვტ-ზე მეტი ასეთი ენერგიის წყაროა შექმნილი“, - აცხადებს დავით ნარმანია. 

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა"-ს ხელშეწყობით განხორციელდება.

2022 წლის 17 დეკემბერს,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას,  მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ.

შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ  ვაჭრობა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი სტრატეგიული პროექტია და უდიდესი საინვესტიციო შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.

ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და  შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები.

მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები