დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შავი ზღვის კაბელის პროექტი ჩვენს გეოპოლიტიკურ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს - დავით ნარმანია

შავი ზღვის კაბელის პროექტი ჩვენს გეოპოლიტიკურ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს - დავით ნარმანია

03-07-2023 14:00:06

ახალი ენერგოობიექტების შემომატების და გენერაციის ზრდადი პროგრესი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ამოქმედდება, მეტი გასატანი ენერგია იყოს ჩვენს ბაზარზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს, პირველადი შედეგები პოზიტიურია.

„პირველადი შედეგები არის პოზიტიური, რაც ნიშნავს იმას, რომ ტექნიკურად ის არის განხორციელებადი პროექტი, ასევე საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან არის მზაობა მის დაფინანსებაზე. აღნიშნული პროექტი, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება, იმიტომ რომ პირდაპირ ევროპასთან დაკავშირება იქნება შესაძლებელი და ჩვენთან არსებული ჭარბი ენერგიის შესაბამისად ევროპის ბაზარზე ექსპორტი, ისევე როგორც აღნიშნული პროექტი ჩვენს გეოპოლიტიკურ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“, - განმარტავს ნარმანია.

შავი ზღვის კაბელის ექსპლუატაციაში შესვლის დროს, საქართველო იქნება ელექტროენერგიის ექსპორტიორი თუ მხოლოდ რეესპორტიორი ქვეყანა?

დავით ნარმანია ამბობს, რომ პროექტის რეალიზაციის დასრულების შემდეგ საქართველოს უფრო მეტი ჭარბი ელექტროენერგია ექნება.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტექნიკური ეკონომიკური კვლევის შემდეგი ეტაპი უნდა იყოს პროექტირება და შემდეგ უკვე მისი მშენებლობა - ამას რამდენმე წელი სჭირდება და, შესაბამისად ამ რამდენიმე წელში ჩვენს ქვეყანაში გენერაციის მეტი ობიექტი უნდა შეიქმნას.

რთულია იმის თქმა თუ რამდენით გაიზრდება გენერაცია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთავრობამ 300 მეგავატზე პირველი აუქციონი გამოაცხადა და გამარჯვებულებიც ჰყავს, გარდა ამისა მცირე და საშუალო სადგურების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.  ყოველწლიურად ტემპი უფრო მაღალი უნდა იყოს ვიდრე ბოლო წლებში დამატებითი ენერგიების წყაროების შემომატებასთან დაკავშირებით.

იგივე 2022 წელს 27 მგვტ იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. მიმდინარე წელს რამდენიმე სადგური შევა კიდევ ექსპლუატაციაში და უფრო მეტი შემოემატება ჩვენს ენერგოსისტემას.

ამდენად ეს ზრდადი პროგრესი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ამოქმედდება, მეტი გასატანი ენერგია იქნება ჩვენს ბაზარზე“, - ამბობს ნარმანია.

რაც შეეხება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ეს უკვე შემდეგი თემაა.

„ალბათ ძირითადი ნაწილი დონორული დაფინანსება იქნება, თუმცა დაფინანსების სხვადასხვა წყაროებიც იქნება “, - ამბობს სემეკის თავმჯდომარე. 

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა"-ს ხელშეწყობით განხორციელდება.

2022 წლის 17 დეკემბერს,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას,  მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ.

შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ  ვაჭრობა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი სტრატეგიული პროექტია და უდიდესი საინვესტიციო შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.

ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და  შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები.

მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები