დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკმა „აქვალიას“ ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა - ვახტანგ ჭარაია წყლის ტარიფის გაძვირებაზე

სემეკმა „აქვალიას“ ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა - ვახტანგ ჭარაია წყლის ტარიფის გაძვირებაზე

28-12-2023 17:00:00

სემეკის გადაწყვეტილებით თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფებს შორის დისბალანსი კიდევ უფრო გაიზარდა. როგორც ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, სამომავლოდ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დასარეგულირებელი იქნება. 

„ტარიფი საყოფაცხოვრებო სისტემისთვის უცვლელი დარჩა და გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის. გასათვალისწინებელია, რომ „აქვალია“, რომელიც დარგში შემოვიდა მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების გეგმითაა მოსული.

სემეკმა უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ ის რთული, დიდწილად ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაქვს დედაქალაქში და შემოგარენში აუცილებლად უნდა განახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ გაუმჯობესება, არამედ წყალმომარაგების სისტემების გაუარესება არის მოსალოდნელი, როგორც წყალმომარაგების ისე წყალარინების მიმართულებით. საინვესტიციოდ „აქვალიასთან“ გზა აუცილებლად გასახსნელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტარიფის კუთხით ამან არ იქონიოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოსახლეობაზე. 

ამ კუთხით იდეალური შედეგი გაქვს, რომ ამ მიმართულებით ტარიფი არ იზრდება. თუმცა დისბალანსი საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სექტორს შორის იყო 13-ჯერადი და კიდევ უფრო დიდი გახდა. რაც დროთა განმავლობაში დასაბალანსებელი იქნება.

ევროპული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს ტარიფები ერთმანეთთან ახლო-ახლოსაა და ამხელა სხვაობები არ არის. ამიტომ ეს ალბათ სამომავლო იქნება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ინვესტიციის განხორციელების და ინფრასტრუქტურის განახლების. ეს შესაძლებლობა კომპანიისთვის მიცემულია და ალბათ ტარიფის კუთხით სამომავლოდ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დასარეგულირებელი იქნება“, - განმარტავს ჭარაია. 

მისივე თქმით, საქართველოში არასაყოფაცხოვრებო სექტორი იხდის ნამატს, იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო სექტორმა არ გადაიხადოს ის საბაზრო ტარიფი, რაც წესით უნდა იყოს.

„ფაქტია და ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ საყოფაცხოვრებო სექტორში არასაბაზრო ტარიფია, დაბალი ტარიფია, შეღავათიანი ტარიფია, რომელსაც ბიზნეს სექტორი აკომპენსირებს. მთავარია, რომ ხელმისაწვდომობის კოეფიციენტი  იყოს ზომიერი, რაც საქართველოში ჩვენი კვლევით 0,7%-ია. ჯანმოს სტანდარტი კი არის 3%-ი. ანუ ჩვენ ჯანმოს რეკომენდებულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. ზომიერი ტარიფი გაქვს. გასაშუალოებულ ტარიფზეა აქ საუბარი. თვითმიზანი არ არის, რომ საყოფაცხოვრებო ტარიგი არასაყოფაცხოვრებო ტარიფამდე გაიზარდოს, მაგრამ ბალანსი მეტ-ნაკლებად თანაბარი უნდა იყოს. ალბათ უფრო მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ ბიზნეს ტარიფები უნდა შემცირდეს და საყოფაცხოვრებოსი ცოტათი გაძვირდეს“, - აცხადებს ჭარაია. 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა.

უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის. 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავი წყლის“ შერწყმის შედეგად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლიცენზიაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები გავრცელდება თბილისის, მცხეთისა და რუსთავის აბონენტებზე.

გაიზარდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები.

სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით.

წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია  თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით.

ამ მიზნით, სემეკმა შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363,868,823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. მათ შორის, სემეკთან შეთანხმებული გეგმების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. თბილისსა და მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობას წარმოადგენს სასმელი წყლის უწყვეტობის, მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის გაუმჯობესება“ - აცხადებენ სემეკში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები