სემეკი წყლის ახალი ტარიფისა და ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებაზე მსჯელობს. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის არსებულ ტარიფის მოქმედების ვადა 2023 წლის 31 დეკემბერს იწურება.
სემეკის წევრის გივი სანიკიძის განცხადებით, კანონით დადგენილ ვადებში დასრულდა სატარიფო საქმის წარმოება დანახარჯების აუდიტის ფარგლებში, შესაბამისად დღეს ტარიფების დეპარტამენტი წარმოადგენს ტარიფების გაანგარიშების პროექტს როგორც ელექტროენერგიის ტარიფებთან მიმართებით, ასევე წყალმომარაგების ტარიფთან მიმართებითაც.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აქამდე მოვისმინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება ინვესტიციებთან დაკავშირებით წყალმომარაგების სექტორში ასევე კომისიის მიერ უკვე მიღებულია შესაბამისი დადგენილება ელექტროენერგიის განაწილებისა და წარმოების ტარიფებთან მიმართებით, რომელიც საბოლოოდ აისახება სამომხმარებლო ტარიფში. შესაბამისად ბოლო ეტაპი არის სამომხმარებლო ტარიფის დადგენა და გამომდინარე იქიდან თუ რა პროექტს წარმოადგენს კომისიის აპარატი, სემეკი იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.
გივი სანიკიძის ინფორმაციით, წყალმომარაგების სექტორში GWP ქსელში, რომელიც მოიცავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის ქსელს კომისიამ 363 მლნ ლარის ინვესტიციები შეითანხმა.
„ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა, რაც ხორციელდებოდა, წელიწადში საშუალოდ ნიშნავს ინვესტიციების გაორმაგებას. წყლის ტარიფის გადახედვა 3 წლიანი სატარიფო რეგულირების პერიოდის ფარგლებში გეგმურად ხდება. შესაბამისად 1-ელი იანვრიდან უნდა დადგინდეს ახალი ტარიფი რომელიც იმოქმედებს შემდეგ 3 წელს“, - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები, რომელიც დღეს იქნება დადგენილი კომისიის მიერ იმოქმედებს 2024 წლის 1-ელ ივლისამდე.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის თარიღი არის 2024 წლის 1 ივლისი კანონი გვავალდებულებს, რომ ტარიფები ამ თარიღამდე დავადგინოთ შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად“, - აღნიშავს სემეკის წევრი.
უახლესი