,,პოტატო ორბელიანზე" აქტიური პერიოდი სექტემბრიდან იწყება. როგორც სწრაფი კვების რესტორანში აცხადებენ, აგვისტო შედარებით პასიური იყო სეზონიდან გამომდინარე, თუმცა სექტემბრიდან მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა.
კომპანიის წარმომადგენელი რევაზ ჟორჟოლიანი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ მომხმარებლების 70% ადგილობრივები შეადგენენ. თუმცა გათვლა თავიდან უცხოელ ტურისტებზე გააკეთეს.
„ცოტა უკეთესობა არის, ახლა ნელ-ნელა მატულობს მოთხოვნა და ვიმედოვნებთ, რომ წინა თვეების მაჩვენებლებს გავუსწრებთ. განსაკუთრებით აგვისტო იყო საკმაოდ პასიური. უცხოელი ტურისტები ძალიან დაგვაკლდა. თავიდან, როცა ობიექტს ვხსნიდით, ვფიქრობდით, რომ ძირითადად ტურისტებზე მოგვიწევდა მუშაობა, რადგან კერძი უცხოურია.
ეს არის თურქული ,,კუმპირი", რომელსაც აზიის ქვეყნებში ასევე რუსეთსა და უკრაინაში კარგად იცნობენ. მიუხედავად ამისა, ქართველმა მომხმარებლებმაც სიახლე კარგად მიიღეს, მოთხოვნის 70% -ს სწორედ ეს სეგმენტი შეადგენს. სექტემბრიდან გაზრდილია რეალიზაცია, ვცდილობთ, ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ", - ამბობს რევაზ ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, ახალი ობიექტის გახსნის საკითხიც ძალაშია, თუმცა ტენდენციას ჯერ კიდევ აკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამაზე იქნება დამოკიდებული - რამდენად გაიზრდება მოთხოვნა.
რაც შეეხება რესტორნის მთავარ კერძს, ეს არის პოტატო, იგივე კუპმირი - დიდი გამომცხვარი კარტოფილი, 650-700 გრამიანი წონით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოჰყავთ, როგორც რევაზ ჟორჟოლიანი განმარტავს, თურქული ვარიანტია, რომლის გაქართულებაც მოახდინეს. დღესდღეობით ერთადერთი ბაზარზე, ვინც კარტოფილი ამ ფორმით შესთავაზა მომხმარებელს და დიდი ინტერესიც გამოიწვია, ,,პოტატო ორბელიანზეა".
მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს განსხვავებული გემოს პოტატოები, როგორიცაა, თბილისური, ლეჩხუმური, სვანური, მეგრული, იმერული და „ვაჯი პოტატო“. პროდუქტის ფასი18.80 ლარიდან 25 ლარის ფარგლებში მერყეობს.
გარდა ამისა, „პოტატო ორბელიანზე“ დედების ფონდის პარტნიორია. ყოველ შეძენილ პოტატოზე 50 თეთრი გადაირიცხება ფონდში, რითაც კომპანია სხვადასხვა საჭიროების მქონე მრავალ ოჯახს ეხმარება.
უახლესი
3 საათის წინ
დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა8 საათის წინ
არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება