დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის გადაწყვეტილება მიმართულია რეგულაციების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობისკენ - ლადო პაპავა

სებ-ის გადაწყვეტილება მიმართულია რეგულაციების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობისკენ - ლადო პაპავა

19-09-2023 22:34:32

ამ გადაწყვეტილების მიღება იყო დროული, ქვეყანა ყოველთვის უნდა მოქმედებდეს თავისი კონსტიტუციის მიხედვით, ასე აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა Business Insider Georgia-სთან სებ-ის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილებები შევიდა.

ლადო პაპავა ამბობს, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია კონსტიტუცია იყოს დაცული.

„არ შეიძლება ქვეყანა გადიოდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან, იმიტომ, რომ ეს დიდ ზიანს მიაყენებს მოცემულ ქვეყანას. ზუსტად იგივე ვრცელდება საქართველოზეც. აუცილებელია ყოველთვის ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით და კონსტიტუცია არ დავარღვიოთ. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიც მიიღო სებ-ის ხელმძღვანელობამ იმ მიმართულებითაა, რომ სებ-ის რეგულაციები შეესაბამებოდეს ზუსტად საქართველოს კონსტიტუციას.

ამიტომ ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება იყო დროული. ქვეყანა ყოველთვის უნდა მოქმედებდეს თავისი კონსტიტუციის მიხედვით“,- ამბობს პაპავა და დასძენს, რომ ანალოგიურადვე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მოტივები უნდა ავხსნათ ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც. 

„უნდა ავუხსნათ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ ვმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციით. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში საკითხს სჭირდება გამოძიება და გამოძიება უნდა დასრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამიტომ ეს ლოგიკურია“, - აცხადებს პაპავა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის თანახმადაც სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ - ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

„შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.

ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული  ბანკი  ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ.“,- აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები