„საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზრუნვისას, ბუნებრივია, არც მიუსაფარი ცხოველები გვავიწყდება, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისა და გარემოს ნაწილი არიან. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, - ამის შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ხორბალაძემ განაცხადა.
„ახლახან აღმოვაჩინეთ „ზაქარიას კეთილი მანქანა“, რომელიც თურმე წლებია ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს: დადის მთელი საქართველოს მასშტაბით, ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, ჩააქვს მათთვის სახლები და სემინარებს მართავს მოზარდებისთვის ცნობიერების ამაღლების კუთხით.
აღფრთოვანებულები დავრჩით მისი საქმიანობით და გადავწყვიტეთ, რომ „თეგეტა“, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს საზოგადოებისთვის სასარგებლო მსგავს აქტივობებს, ზაქარიას გვერდითაც უნდა ყოფილიყო. „კეთილი მანქანის“ პროექტის ავტორს ახლა სწორედ ავტომანქანის პრობლემა აქვს.
„თეგეტაში“ გადავწყვიტეთ, ზაქარიასთვის ახალი მანქანის შესაძენად ფინანსების მობილიზებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და, ამავდროულად, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა მისი კეთილი საქმეების ირგვლივ.
ჩვენი დონაციის პლატფორმა „თეგეტა ქეარი“ ზაქარიას პარტნიორი გახდა. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუთხროთ ზაქარიას შესახებ და მან შეძლოს დასახული მიზნების მიღწევა, რაც გულისხმობს სწორედ მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას, მეტი ლოკაციის ათვისებას, მეტი სახლის გაკეთებას, რეგიონებში ჩატანას“, - ამბობს თათია ხორბალაძე.
მას შემდეგ, რაც „კეთილი მანქანა“ დაიძრა, ზაქარიას საქართველოს ტერიტორიაზე 280 000 კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი; 1600-მდე მიუსაფარ ცხოველს დაეხმარა, დააბინავა, გამოკვება და ჯანმრთელობის პრობლემები მოუგვარა.
ზაქარიას კეთილი მანქანის ამბავი „მე და საზოგადოების“ მერვე კლასის სახელმძღვანელოშიცაა შეტანილი. მასზე წერენ ცნობილი ქართული და საერთაშორისო გამოცემები: Forbes, National Geographic, World Animals და სხვა.
ამჟამად ახალ, უპრეცედენტო პროექტზე მუშაობს. ესაა „ვეტ ქარავანი“ - მობილური კლინიკა, რომელიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ივლის მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით.
ზაქარიას კეთილი მანქანა არ უნდა გაჩერდეს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
უახლესი