სარფის გამშვები პუნქტის მიმდებარედ ქართული ავტოგასამართი სადგურები მუშაობის აქტიურ რეჟიმზე გადადიან.
ბოლო წლებში ჩავარდნილი რეალიზაციის გამო, უმეტესობას ამ მონაკვეთზე საქმიანობა დროებით შეჩერებული ჰქონდა, ამიერიდან კი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა აცნობა.
„ძალიან კარგი ფაქტის მომსწრე გავხდით - საქართველოს მხრიდან ბათუმისკენ, სარფთან მიახლოებული, გონიოში ყველა ბრენდის ავტოგასამართი სადგური იწყებს მუშაობას. თავის დროზე, როცა გადმოდიოდნენ თურქული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საწვავს იძენდნენ საქართველოში, რადგან ჩვენთან, თურქეთთან შედარებით, უფრო იაფი ღირდა. ამ მდგომარეობას ვუბრუნდებით, ჩვენთან იქნება გაცილებით იაფი საწვავი, დიზელი მაქვს მხედველობაში, რომელიც თურქეთში ძვირდება საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრების გამო.
აქედან გამომდინარე, ტრანზიტში ვაჭრობის მკვეთრ ზრდას ველოდებით. აქამდე ქართული კომპანიები ფორმალურად მუშაობდნენ, რეალურად არ ჰქონდათ გაყიდვები, რაც მათ შემოსავლებზე ნეგატიურად აისახებოდა. მოცემულობა შეიცვალა, გონიოში, საცალო ქსელზე ტრანზიტებისთვის დღეს საკმაოდ იაფია საწვავი, ამიტომ საზღვრისპირა დისლოკაციებზე რეალიზაცია გააქტიურდება", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ფასი 2,35-2,40 ლარის ფარგლებშია. ცნობისთვის, თურქეთში ბენზინი და დიზელის საწვავი გაძვირდა დღგ-ის 20%-მდე გაზრდის გამო. ხელისუფლება თებერვლის მიწისძვრების ზარალის დაფარვას, რომელიც 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, გადასახადების გაზრდით მოელის.
შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, თურქეთში საწვავის ღირებულებამ საქართველოში არსებულ ფასებს გაუსწრო.
უახლესი