საქართველოს მთავრობა და საავიაციო ხელისუფლება საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-სთან ქვეყანაში მიმართულებების გაფართოებასა და ბათუმში 4 სეზონის განმავლობაში ოპერირებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
როგორც Business Insider Georgia-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველო საუდის არაბეთისთვის კვლავ ერთ-ერთი მიმზიდველი და პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.
„ძალიან კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გაქვს საუდის არაბეთის ავიაკომპანიებთან. ამ მიმართულებით გამოვყოფდი Flynas-ს, როგორც წამყვან ავიაკომპანიას საუდის არაბეთიდან და არა მხოლოდ. საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვისაც გამორჩეულად მზარდი ავიაკომპანიაა, რომელიც საუდის არაბეთის 4 ქალაქიდან ახორციელებს საქართველოს 2 საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს.
2023 წელს საშუალოდ კვირაში გვქონდა 32-დან 35 სიხშირემდე, რამაც უზრუნველყო ის, რომ საკმაოდ გაიზარდა ტურისტული ნაკადები საუდის არაბეთიდან. იცით, რომ განსაკუთრებით მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არიან საუდის არაბეთიდან ჩამოსული სტუმრები ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ უფრო მეტად გაიზარდოს პირდაპირი ფრენების სიხშირეები, იმიტომ, რომ გაზრდილი სიხშირეები უზრუნველყოფს უფრო მეტ გამტარუნარიანობას და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პირდაპირი რეისებით ჩამოვიყვანოთ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში.
ჩვენ გაქვს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობები ავიაკომპანიასთან. შესაბამისად მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ვნახოთ კიდევ უფრო მეტი დაფარვა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში. ისევე როგორც ვნახოთ გაზრდილი სიხშირეები არსებულ აეროპორტებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Flynas-ი ბათუმში უკვე 4 სეზონის განმავლობაში ვიხილოთ და არა სეზონურად. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აჭარის ტურისტული ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო კვლავ არის ერთ-ერთი მიმზიდველი და პოპულარული ტურისტული მიმართულება საუდის არაბეთში და მათი მოგზაურებისთვის, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დადებითი ტენდენციებით გაგრძელდება საავიაციო და შესაბამისად ტურისტული კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოს ბაზარზე დღეისათვის Flynas-ის გარდა ოპერირებს ავიაკომპანია Flyadeal Airways-ი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს მიმართულებით Flyadeal Airways-ის მგზავრთნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება და მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება.
„რაც შეეხება მეორე ავიაკომპანიას საუდის არაბეთიდან Flyadeal-ი, რომელთანაც საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა, მხოლოდ შიდა ფრენებს ასრულებდა და როდესაც ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეფართოებინა დაფარვის ქსელი და საერთაშორისო მიმართულებებზეც დაიწყო ოპერირება. ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო, როცა მათთვის საქართველო მოხვდა იმ TOP-3 მიმართულებას შორის, სადაც გადაწყვიტეს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე გაეხსნათ ფრენები. საკმაოდ კარგი ოპერირება ჰქონდა Flyadeal-ს ჩვენს ბაზარზე, იცით, რომ ავიაკომპანია სეზონურად ოპერირებს საქართველოს მიმართულებით, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი საერთაშორისო ფრენებს ახორციელებენ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, Flyadeal-თან მთელი წლის განმავლობაში ფრენების განხორციელებაზეც მიდის მოლაპარაკებები.
„ჩვენ რა თქმა უნდა ვესაუბრებით, თუმცა ყველა ავიაკომპანიას აქვს თავისი შიდა პოლიტიკა, ისევე როგორც თავისი შიდა გამოწვევები, ეს იქნება საოპერაციო, იგივე ხომალდების და ადამიანური რესურსი დეფიციტი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარული ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flynas-მა 2018 წლის 1-ელი ივნისიდან დაიწყო, ხოლო 2029 წლის 2 ივნისიდან Flynas-მა ოპერირება ბათუმის მიმართულებითაც დაიწყო.
Flynas 2007 წელს, დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც კვირაში ათასამდე რეგულარულ რეისს, 53 საერთაშორისო და 17 ადგილობრივ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს. Skytrax-ის მიერ Flynas შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიადაა დასახელებული.
უახლესი
23 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა