დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სათხილამურო კურორტი გოდერძი ზამთარში ტურისტების მისაღებად მზად არის - რა სიახლეები იგეგმება ლოკაციაზე

სათხილამურო კურორტი გოდერძი ზამთარში ტურისტების მისაღებად მზად არის - რა სიახლეები იგეგმება ლოკაციაზე

03-10-2024 16:00:00

კურორტი გოდერძი ზამთრის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, წლის ბოლომდე დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რაც ვიზიტორებისთვის კურორტზე მისვლას მაქსიმალურად გაამარტივებს. 

მიმდინარე პროექტების გარდა, კურორტზე დამატებითი საბაგირო გზების და სათხილამურო ტერასების მშენებლობაც იგეგმება.

„მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი საკმაოდ წარმატებული და ამ ფონზე წელს ჩვენ 5 მლნ-ზე მეტ ვიზიტორს ველოდებით. პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებული გაქვს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულებული იქნება.  გარდა ამისა, გოდერძის კურორტულ ზონაში ძალიან მალე დავიწყებთ ახალი საბაგიროების მშენებლობას. ინტენსიურად მიმდინარეობს ასევე წყალმომარაგების პროექტის განხორციელება. ცენტრალური გზის პარალელურად მიაპყრობინებს შიდა გზების რეაბილიტაციაც. მნიშვნელოვანია, რომ გოდერძის განვითარება კონცეფცია ერთიან კონტექსტში განვიხილოთ“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის დასრულების შემდეგ ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზა დაახლოებით 1 საათით დამოკლდება. ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, მოხდება ორი საბაგირო გზის მშენებლობა და დაემატება რამდენიმე სასრიალო ტრასა, რის მშენებლობაზეც ტენდერი მალე გამოცხადდება. 

„2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით მაღალმთიან აჭარაში 200 000-ზე მეტი ვიზიტორ იყო და მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონზეც ეს ინტენსივობა შევინარჩუნოთ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ევროპული ქვეყნები: პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები და ასე შემდეგ. ანუ ის ქვეყნები, ვინც ასე ვთქვათ, ზამთრის ტურისტებად არიან მიჩნეულები და სპეციალურად ჩამოდიან, განსაკუთრებით ჰელისკის მიმართულებით. და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარი, რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია ეს არის ისრაელის ბაზარი და ასევე გალფის ქვეყნები, რომელთათვისაც თოვლი და ზოგადად მაღალმთიანი აჭარა და მისი ბუნება გარკვეული ეგზოტიკაა“, - ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

კურორტზე უკვე წარმატებით ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციით აშენებული სასტუმროები. 

„კურორტ გოდერძიზე უკვე ფუნქციონირებს 10-მდე განთავსების ობიექტი. Ambassadori Goderdzi უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს და ძალიან რთულია ადგილების ნახვა. გვაქვს კიდევ რამდენიმე სასტუმრო, რომლებიც როგორც ადგილობრივი ისე უცხოური ინვესტიციითა განხორციელებული. ასე, რომ გოდერძის კურორტზე ტურისტების მისაღებად მაქსიმალურად მზად ვართ“, - განმარტავს ჯაბა ფუტკარაძე.

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ერთ-ერთი საუკეთესოა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი.

კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი მცირე ზომის საბაგირო  - (ბორანო და მოძრავი ხალიჩა). ასევე 6 ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროები. 

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს, ხოლო ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრს აღწევს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4.5 კილომეტრია. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის ისე რთული ტრასები. ხოლო დამწყებებს შეუძლიათ ისწავლონ სრიალი მცირე ზომის 150 მეტრიან ტრასაზე (ბორანო).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები