გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მედიის წარმომადგენლებს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალა გააცნო.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მასალები კიდევ ერთხელ ამყარებს ინფორმაციას, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში იყო მოცემული.
„მონაცემები, რომელიც ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან, ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას, წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენი სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ ჩვენ გვქონდა წყლის დონის მზომი სადგურიდან მიღებული ინფორმაცია, სადაც არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება. ეს იყო ძალიან მყისიერი, ასე ვთქვათ, კლდეზვავური მასის ჩამოშლა. ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში უმოკლეს ვადებში. ასეთი სტიქიური მოვლენების დროს, საქმე გვაქვს ძალიან კომპლექსურ პროცესებთან; რამდენიმე მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ სტიქიის ასეთი მასშტაბები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების დნერგვის საკითხზეც ისაუბარა.
„ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების დამონტაჟებას, რომლებიც სპეციალისტებს ამინდის და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირების საშუალებას მისცემს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; ორასი სადგური უკვე არსებობს, ასის დამონტაჟება მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალა, მედიასთან შეხვედრამდე, ნინო თანდილაშვილმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სააგენტოს სპაციალსტებთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 21 გარდაცვლილია. 12 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.
უახლესი
36 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს55 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”