დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სათავგადასავლო და გასტრონომიული ტურიზმი მთავარი ნიშაა, რაც გერმანელებს საქართველოში აინტერესებთ - მაია ომიაძე

სათავგადასავლო და გასტრონომიული ტურიზმი მთავარი ნიშაა, რაც გერმანელებს საქართველოში აინტერესებთ - მაია ომიაძე

15-03-2023 19:00:21

საქართველოს სათავგადასავლო და გასტრონომიული ტურიზმი არის ის მთავარი ნიშა, რაც გერმანიაში აინტერესებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მაია ომიაძემ ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2023-ის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

„სათავგადასავლო ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ITB Berlin-ზე. ჩვენ ცალკე სტენდიც კი გვქონდა წარმოდგენილი პავილიონში, რამაც ასევე ძალიან მაღალი ინტერესი გამოიწვია. ზოგადად გერმანული მხარის შეფასებები იყო მაღალი დონის. როგორც ორგანიზების, ისე შინაარსთან მიმართებით.

იცით, რომ ITB Berlin 2023-ზე მთავარი გზავნილი იყო „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა“. ვეცადეთ, რომ საქართველოსთვისა და ქართველებისთვის ავთენტიკური, ბუნებრივი და მთავარი თვისება სტუმარ-მასპინძლობა წინა პლანზე წამოგვეწია“, - ამბობს ომიაძე.

ITB Berlin 2023-ის შედეგებზე საუბრისას Business Insider Georgia-ს მაია ომიაძემ განუცხადა, რომ ტურისტულ კომპანიებს გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ.

„რამდენიმე კომპანიამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ გერმანელ პარტნიორებთან ხელშეკრულება გააფორმეს. ასეთ ღონისძიებას როდესაც მასპინძლობს ქვეყანა და ინვესტიცია ხორციელდება, დღეს და ხვალ შესაძლოა არ ჰქონდეს შედეგი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შედეგებს აუცილებლად მოიტანს. ტურიზმი აქტუალური ხდება. მოგზაურობა კოვიდის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და მსგავსი მარკეტინგული აქტივობები, გამოფენები, რეკლამა თუ ბიზნესშეხვედრები ძალიან მალე შედეგს გამოიღებს.

ვფიქრობთ, რომ ITB Berlin-ის გავლენა წლის ბოლოსთვის და მომავალ წელს უკვე ციფრებსა და სტატისტიკაში გერმანელი ვიზიტორების მიმართულებით თვალნათელი იქნება“, - ამბობს ომიაძე.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, რომ ბიზნესმა ასეთი გამოფენების ფარგლებში პარტნიორები იპოვოს.„გერმანიაში წლის ბლომდე გვაქვს დამატებითი მარკეტინგული აქტივობები, რეკლამები, ბლოგები, პრესრელიზები, პოდკასტები და სოციალური მედიით საიმიჯო კამპანია დაგეგმილი, რომელიც ასევე ხელს უწყობს და დამატებითი წახალისებაა იმისთვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ“.

შეგახსენებთ, რომ 6-9 მარტს საქართველო ITB Berlin 2023-ის მასშტაბური გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იყო, რომელშიც 80-მდე ადგილობრივი კომპანია მონაწილეობდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები