დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სათამაშოებს რამდენიმე გერმანული ბრენდისთვის ვქმნით, წარმოების 91% ექსპორტზე გაგვაქვს - „დადარი“

სათამაშოებს რამდენიმე გერმანული ბრენდისთვის ვქმნით, წარმოების 91% ექსპორტზე გაგვაქვს - „დადარი“

21-08-2024 12:00:00

2024 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შევხვდით. ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა „დადარის“ ახალი საწარმო, სადაც დასაქმებულები არიან ჩვენს მიერ გადამზადებული ადგილობრივები. შესაბამისად გავზარდეთ საწარმოო შესაძლებლობები. ამ ეტაპზე „დადარი“ აწარმოებს 280 -მდე დასახელების სათამაშოს, - ამის შესახებ Business insider Georgia-ს სოციალური საწარმო „დადარის“ წარმომადგენელმა არჩილ გობეჯიშვილმა განუცხადა.

„დადარი“ სათამაშოებს ადგილობრივი ხის მასალით ამზადებს, თუმცა იმპორტს გეგმავს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ხის მასალის შეძენისას, ვერ იღებენ ევროპული ბაზრისთვის საჭირო სერტიფიკატებს.

„შესაბამისად იძულებულები ვართ მოვახდინოთ ხის მასალის იმპორტი. რაც შეეხება სათამაშოების წარმოებისას გამოყენებულ საღებავებს და ზეთებს, ვიყენებთ გერმანული ბრენდი BIOFA -ს პროდუქტს, რომელიც დამზადებული სპეციალურად ბავშვის სათამაშოებისთვის და დაცულია ყველა ის სტანდარტი რომელიც უზრუნველყოფს სათამაშოს უსაფრთხოებას და მაღალ ხარისხს“, - ამბობს არჩილ გობეჯიშვილი.

2023 წელს „აწარმოე საქართველოს" დახმარებით, „დადარი" მონაწილეობდა გამოფენაში გერმანიაში, როგორც სოციალური საწარმო წარმომადგენელი ამბობს მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„2023 წლის თებერვალში საწარმომ „აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო სათამაშოების საერთაშორისო გამოფენა Spielwarenmesse 2023 -ზე, სადაც გაჩნდა შესაძლებლობა სათამაშოების დარგის წამყვან კომპანიებს ენახათ და შეეფასებინათ „დადარის" წარმოებული სათამაშოები. გამოფენაზე ნამუშევრებმა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურეს. სათამაშოების მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ დიზაინს აღიარებდნენ ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა Goki, Haba, Ostheimer და სხვა. ოთხ დღიანი გამოფენა ძალიან მაღალი შედეგებით დასრულდა. საწარმომ მიიღო მსოფლიოს 8 სხვადასხვა ქვეყნებიდან 40 - მდე კომპანიის წინადადება, რომლებიც დაინტერესდნენ „დადართან“ B2B თანამშრომლობით. დღევანდელი მდგომარეობით წარმოების 91%-ზე მეტი გადის ექსპორტზე B2B თანამშრომლობით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. B2B თანამშრომლობის პრინციპით ჩვენ ვამზადებთ პროდუქციას რამდენიმე გერმანული ბრენდისთვის, რომლებიც პროდუქციის რეალიზაციას მთელს ევროპაში ახორციელებენ“, - ამბობს არჩილ გობეჯიშვილი.

მისი თქმით, 2023 წელს, ევროპელი პარტნიორებისგან პროდუქციაზე მაღალმა მოთხოვნამ და წარმადობის ლიმიტირებულმა შესაძლებლობებმა, გამოიწვია ქართულ ბაზარზე პასიური პოზიციონირება.

„თუმცა 2024 წლიდან, საწარმოს წარმადობის შესაძლებლობების ზრდის შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს ქართულ ბაზარზე გააქტიურება და სექტემბრის თვიდან წარმოდგენილი გვექნება, ქართული ბაზრისთვის განკუთვნილი 40 ახალი მოდელი, რომელთა შეძენაც პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება Veli.store -ის ონლაინ მარკეტზე. პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნის შესაბამისად, 2025 წლიდან ვგეგმავთ თბილისში საკუთარი მაღაზიის მოწყობას. საქართველოში ჩვენი ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია ონლაინ მარკეტ veli.store-ზე და სოციალური კონცეფციის მაღაზია შოურუმ ESKI-ში. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კიდევ 4 ფიზიკურ მაღაზიასთან თანამშრომლობის დაწყებას“, - აცხადებს სოციალური საწარმოს წარმომადგენელი.

სოციალური საწარმო „დადარი" 2018 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები