დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმრო Ambassadori Goderdzi ფართოვდება

სასტუმრო Ambassadori Goderdzi ფართოვდება

26-03-2025 13:00:00

„კურორტ გოდერძიზე“ მდებარე სასტუმრო Ambassadori Goderdzi ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას  Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერმა ირაკლი იაკობაშვილმა განაცხადა, არსებულ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი სასტუმრო კორპუსი დაემატება, რომელიც 96 სასტუმრო ნომერზე იქნება გათვლილი.

 Ambassadori Goderdzi Hotel-ი, რომელსაც ზამთრის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთულობა ჰქონდა, ზაფხულის ტურისტულ სეზონზეც დიდი აქტივობების მოლოდინშია.

„ზამთრის ტურისტულ სეზონზე სხვა კურორტებისგან განსხვავებით თოვლის პრობლემა არ გვქონია. ზამთრის ტურისტულ სეზონზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი დამსვენებელი გვყავდა, როგორც საქართველოდან ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. უცხოეთიდან უფრო მეტი აქტიურობა  შეინიშნებოდა ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან. ამ ქვეყნებიდან ასეთი ინტერესი გაჩნდა იმიტომ, რომ კურორტზე მოდის უხვად ფაფუკი თოვლი, რომელიც გაუკვალავში სრიალის მოყვარულებისათვის არის საუკეთესო და ყველას იზიდავს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კურორტი 2024 წელს საუკეთესო თოვლის მქონე კურორტის სტატუსით დაჯილდოვდა“, - განმარტავს ირაკლი იაკობაშვილი.

Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერის განმარტებითვე, ზაფხულში სასტუმროს ნომრებს ფონდი კიდევ უფრო გაიზრდება და სასტუმროს უფრო მეტი სტუმრის მიღების შესაძლებლობა მიეცემა. 

„კურორტი გოდერძი“ ყოველწლიურად ვითარდება და ემატება ახალი ობიექტები. ადგილობრივი ობიექტებიც ეხმარებიან კურორტს განვითარებაში. ჩვენს სასტუმროსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს  კურორტის განვითარების მიმართულებით. ამ ფონზე ზაფხულში იხსნება ჩვენი ახალი შენობა და არსებულ სასტუმრო ნომრებს დაახლოებით 96 სასტუმრო ნომერი დაემატება.

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოლოდინიც ძალიან დიდი გაქვს, რადგანაც ბორჯომი-ახალციხის ხიდზე უკვე დასრულებულია ასფალტირებული გზის მშენებლობა და ხულოს მხრიდანაც ძალიან პატარა მონაკვეთია დარჩენილი და წელს ვარაუდია, რომ ეს გზა დასრულდება“, - აცხადებს Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერი.

სასტუმრო, გასული წლის მსგავსად, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დამსვენებლებს ბევრ აქტივობას შესთავაზებს. 

„წინა ზაფხულის სეზონზე ჩვენმა სასტუმრომ რამდენიმე ტიპის ტურების შეთავაზება დაიწყო, ეს იყო როგორც საფეხმავლო, საველოსიპედო, კვადრო ტურები და ასე შემდეგ. რომელიც საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა, რადგანაც ზაფხულში იმედად დიდი მასშტაბით შეიძლება ლოკაციების მონახულება და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, რომ სასტუმრო აღნიშნული მიმართულებით ჩართულია და წელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ინტერესი კიდევ უფრო მაღალი იქნება“, - აცხადებს Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერი.

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის Ambassadori Goderdzi Hotel-ის მაგალითზე ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია და როგორც სასტუმროს მენეჯერი ამბობს ჯავშნები არის როგორც ადგილობრივი ბაზრიდან ისე უცხოეთიდან. 

სასტუმრო მდებარეობს კურორტის შუაგულში, საბაგიროს წინ და გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს. სასტუმროს ყველა ოთახს ინდივიდუალური აივანი აქვს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება თოვლით დაფარულ მთებსა და სასრიალო ტრასებზე. სასტუმროს მდებარეობა და ski-to-door access-ი თხილამურებით სრიალის მოყვარულებს კომფორტულ სრიალს ჰპირდება. აქვეა, Rossignol-ის, Scott-ის, Völk-ის და Dalbello-ს უმაღლესი ხარისხის სათხილამურო ინვენტარისა და აქსესუარების გაქირავების სერვისი. მაქსიმალური სიმაღლე სასრიალო პუნქტიდან არის 2365 მეტრი. იდეალური ადგილია გაუკვალავში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი.

სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ შექმნილი და დაპროექტებული ორი სახის საბაგირო, რომელთაგან ერთი 6-ადგილიანი ბაბლის ტიპისაა, მეორე კი 8-ადგილიანი გონდოლა.

კურორტი მაღალმთიან აჭარაში 2027 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზამთარია და სასრიალო სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება. ის გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. 
შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვთოვლიანობით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. ტყეებით დაფარული მთები კი ფანტასტიკურ გარემოს ქმნის მთელი წლის განმავლობაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები