დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

06-09-2023 15:41:26

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“. სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუდიენციისას საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა.

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის დასაცავად და ასევე ევროპული გზისთვის, რაც მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია.

ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის,“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით.

პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები