დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქპატენტი პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმას იწყებს

საქპატენტი პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმას იწყებს

26-12-2023 09:17:00

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ კიდევ ერთ რეფორმას პატენტრწმუნებულთა სფეროში იწყებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო საქპატენტის მიერ მომზადებული „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც მთავრობის წევრებმა მოიწონეს და განსახილველად საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე გადაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქპატენტს შორის ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. მანამდე კი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილება განხორციელდა, რომლითაც „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულების შესრულების (ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების) პირველი ეტაპი დასრულდა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც საქპატენტის თანაავტორობით მომზადდა.

ასევე, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს კანონში „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“.

ამავე, 2023 წელს საქპატენტმა მოამზადა და პარლამენტში მე-3 მოსმენის ეტაპზე განიხილება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.

ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების პარალელურად, ქვეყანაში ძლიერი პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტი ჩამოყალიბდეს.

„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს, ასევე შექმნის პატენტრწმუნებულთა ასოციაციის არსებობის სამართლებრივ საფუძველს.

კანონის პროექტის მიხედვით პატენტრწმუნებული არის საერთო სპეციალიზაციის ან სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.

პატენტრწმუნებულის ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივ რეალობაში შედარებით ახალი მოვლენაა, შესაბამისად, ქართული პრაქტიკა ამ მიმართულებით ვერ პასუხობს თანამედროვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებს და განსხვავდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან. არსებული კანონმდებლობა არ მოიცავს ისეთი საკითხების მარეგულირებელ ნორმებს, როგორებიცაა პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება, რეგისტრაცია, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება, მარწმუნებელთან ურთიერთობა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

შესაბამისად, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმის საფუძველზე ინერგება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი - სავალდებულო გახდება პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. შედეგად, ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიულ განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების უკეთეს დაცვაზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები