ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ისტორიაში პირველად Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯიამ ბიოდიზელის საწარმო გახსნა და ალტერნატიული განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება გამოყენებული მეორეული საკვები ზეთისგან დაიწყო.
გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, კომპანია ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში ეხმარება.
რა გეგმები აქვს დღეს კომპანიას და როგორია მოთხოვნა საქართველოში წარმოებულ ბიო საწვავზე, Business Insider Georgia ჰოლდინგის დამფუძნებელს მურმან პატარაიას ესაუბრა.
- „ბიოდიზელი ჯორჯია“ წლებია ბაზარზე ოპერირებს და თქვენი კომპანიის მაგალითზე რამდენად გაიზარდა უკვე მოხმარებული ზეთის ჩამბარებელი სუბიექტების რაოდენობა და მოხდა თუ არა ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება?
- ნედლეულის მომწოდებელთა ქცევაზე საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ. მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადავდგით წლების განმავლობაში. მათ შორის ვაწარმოეთ სხვადასხვა კამპანიები, როგორც სოციალურ ისე ციფრულ მედიებში. აქტიურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ ნარჩენების წარმომქმნელ კომპანიებთან. ასევე აქტიურად ვიმუშავეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მათი მხრიდან გვაქვს მუდმივი მხარდაჭერა, რის შედეგადაც იქამდე მივედით, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ მეორეული, ნარჩენი ზეთის არასერტიფიცირებული საწარმოსთვის გადაცემა. შესაბამისად, ნედლეულის რაოდენობა გაიზარდა.
თუ 2017 წელს დავიწყეთ ნულიდან, დღეს თვის ჭრილში 150 მეტრულ ტონამდე ნარჩენ ზეთს ვაგროვებთ და გადავამუშავებთ. თუმცა ჯერ კიდევ არიან ბაზარზე ე.წ. ურჩი მეწარმეები, რომლებიც დაბალი სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩევიან და მიუხედავად საკანონმდებლო რეგულაციების არსებობისა, მითუმეტეს, იციან რომ ქვეყანაში არსებობს ოფიციალურად სერტიფიცირებული გადამამუშავებელი, მაინც ცდილობენ თავის არიდებას ნარჩენის სწორ მართვაზე. თუმცა დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ბაზრის დიდი ნაწილი დაფარულია და აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაოებს ცნობიერების ამაღლების კუთხით.
- სად იყიდება თქვენს მიერ წარმოებული ბიოსაწვავი და როგორია მისი ფასი ფართოდ მოხმარებად, ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით?
- ევროკავშირის ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით ხდება ბიოსაწვავის ბლენდირება ჩვეულებრივ ნავთობდიზელში. ბლენდირების პროპორციულად კი ფორმირდება მისი სავაჭრო ნიშანი. ანუ მაგალითად, თუ ჩვეულებრივ ნავთობ-დიზელში 5%-ითაა შერეული ბიოდიზელი, მისი სავაჭრო ნიშანია B5, თუ 10%-ითაა შერეული ბიოსაწვავი მისი სავაჭრო ნიშანია B10 და ასე შემდეგ ადის B100 -მდე, რაც უკვე 100%-ით ბიო საწვავს ნიშნავს.
რა თქმა უნდა გადამუშავების ნაწილი ხარჯებთანაა დაკავშირებული, მათ შორის შესასყიდი ნედლეულის ფასთან. კონკურენტუნარიანობის ნაწილში სუფთა ბიოსაწვავი რიგ შემთხვევებში მაღალ სეგმენტზე გადის, რა თქმა უნდა ბლენდირებაც ფასწარმოქმნაზე გარკვეულწილად მოქმედებს. მით უმეტეს, როცა დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაა შერეული. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბიო საწვავის ფასი ახლოსაა და ოდნავ უსწრებს ჩვეულებრივი ნავთობდიზელის ფასებს.
ჩვენს მიერ წარმოებულ ბიოსაწვავს ვყიდით ადგილობრივ ბაზარზეც და ნედლეული გაგვაქვს ექსპორტზეც, სადაც ჩვენი პარტნიორი კომპანიის საწარმოში ვამუშავებთ სრულად ვიდრე საქართველოში ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა არ დასრულდება, „ბიოდიზელი ჯორჯია“ ადგილობრივ ბაზარზე, საცალო ქსელში ბიოდიზელს არ ყიდის. ბიოსაწვავი საბითუმოდ თავის ავტოგასამართ სადგურებზე იყიდება. რეალურად ჩვენი პროდუქტების 98% მიმდინარე ეტაპზე საექსპორტო ბაზრებზე გადის, საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე: გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, პოლონეთი და სხვა, თუმცა, მთავარია ის, რომ უკვე გაზაფხულიდან დავიწყებთ ახალი ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში უმსხვილესი ბიოსაწვავის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.
- რა სიმძლავრეზე იქნება ეს საწარმო გათვლილი და რა მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი?
- წელიწადში 5000 მეტრული ტონის გადამუშავება შეგვეძლება. ხოლო, რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას - დაახლოებით 4-5 მლნ ევრო იქნება.
- ასეთი ტიპის საწარმოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები შედარებით მარტივად დებენ ინვესტიციებს. თქვენი გეგმა, როგორია, როგორ აპირებთ საჭირო კაპიტალის მოზიდვას?
- ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე აქტიურად განვიხილავთ საპარტნიორო კონსორციუმს.
- რაც შეეხება ექსპორტს, ალბათ მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება შეგიძლიათ, მაგრამ საქართველოში წარმოებული ბიო საწვავისათვის ყველაზე კარგი ბაზარი რომელია?
- რა თქმა უნდა ევროპული ბაზარი. ჩვენ მხოლოდ ევროპულ ბაზარზე ვმუშაობთ დას სხვა მიმართულებას არც განვიხილავთ. ჩვენ ვართ ევროპაში სერტიფიცირებული კომპანია და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, რომ პროდუქცია ექსპორტის რეჟიმში მოვაქციოთ. სერტიფიცირების გარეშე ეს პროცესები ვერ ხერხდება, საკმაოდ მსხვილი დოკუმენტ ბრუნვაა საჭირო. ევროკავშირში ქვეყნებს ვალდებულება აქვთ, რომ ბიოსაწვავის ბლენდირება მოახდინონ ჩვეულებრივ ნავთობდიზელთან და ისე მოახდინონ რეალიზაცია საცალო ქსელში ავტოგასამართი სადგურებიდან.
- თქვენ ადრე განაცხადეთ, რომ ბიო გაზის წარმოებას გეგმავდით, რა ეტაპზე დღეს ეს პროექტი?
- ამ პროექტზე უკვე მესამე წელია ვმუშაობთ, ძალიან მძიმე ინდუსტრიაა და შესაბამისად ძალიან დიდი დრო გვჭირდება. წინ წავიწიეთ იმ ნაწილში, რომ შვეიცარიულ კომპანია „კლიკთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რაც იმას გულისხმობს, რომ მათთან ემისიებით ვაჭრობის მიმართულებით ვიმუშავებთ და ამით დავაკომპენსირებთ საინვესტიციო ნაწილს გარკვეულწილად. მეორეს მხრივ, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც შესაძლოა საჭირო საწარმოო აღჭურვილობა მოგვაწოდოს.
2025 წლის იანვრიდან დავიწყებთ გარემოს დაცვითი დოკუმენტის ჩაშვებას. დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელისთვისაც პოტენციური დონორიც გვყავს შერჩეული. 2026 წლიდან კი დავიწყებთ მშენებლობას. საქართველოში სულ უნდა აშენდეს 4 დაიჯესტერი, 4 ბიო გაზის საწარმო, საიდანაც ორი აღმოსავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 2 დასავლეთ საქართველოში.
ბიოგაზის წარმოება მოხდება ნაკელისა და ორგანული ნარჩენების გადამუშავების შედეგად. იმავდროულად მოხდება ამ ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მართვა. დღეისათვის კვების ნარჩენები ისევ ფერმებში მიდის, რაც კატეგორიულად აკრძალულია და არანაირ დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება. არ ხდება მაგალითად ლუდის ქარხნის, ღვინის ქარხნის ნარჩენების, რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისა თუ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოების ნარჩენების მართვა.
ამას დაემატება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რასაც აქტიურად ვამუშავებთ ეს არის სასაკლაოების ნარჩენების მართვა, აღნიშნული პროექტი განსახორციელებელ პროექტთა პორტფელში დევს და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ.
- კომპანია ბიოდიზელი არის GREDA-ს წევრი. რას ნიშნავს თქვენი ბიზნესისთვის ამ გაერთიანების წევრობა?
- ბიოდიზელი ჯორჯიას ინტეგრაცია აღნიშნულ პლატფორმაში იყო პირადად ჩემი ინიციატივა და აბსოლუტურად თავიდანვე გააზრებული მქონდა ის დადებითი მხარეები, რაც შეიძლება GREDA-ს მოეტანა ჰოლდინგისთვის. პირველ რიგში ეს არის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის მიმართულება, სხვადასხვა დადგენილების, რეგულაციების თუ ბიზნესის საჭიროებების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიტანა და ზოგადად პროცესის ადვოკატირება. GREDA არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა მოახდინო წევრი კომპანიების საჭიროებების ადვოკატირება აბსოლუტურად ყველა დონეზე.
ჩვენი გუნდი GREDA-ში გაწევრიანების შედეგად გაერთიანდა განახლებადი ენერგიების მწარმოებელთა დიდ ოჯახში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წევრობა არამხოლოდ ჩვენთვის იქნება ბენეფიტის მომტანი არამედ ჩვენი წევრობითაც გავაძლიერებთ ასოციაციას.
უახლესი
8 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება