„კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს განაგრძობს.
როგორც Business Insider Georgia-ს სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ბაზარი ნორმალიზირებულია და ექვემდებარება საბაზრო ფაქტორების გავლენებს, რომელიც საქართველოშიც აისახება.
„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფასების ზრდას საქართველოში განაპირობებს შესაბამის მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები, მათ შორის რუსეთის ფაქტორი. გასულ წელს, ზუსტად იგივე პერიოდში, მცირე ქსელებსა და მსხვილ ქსელებს შორის, ერთი და იგივე ტიპის საწვავზე, ფასთაშორის სხვაობა იყო, დაახლოებით, 60-70 თეთრი.
დღეს - იგივე ტიპის საწვავზე, სხვაობა შეადგენს 15-20 თეთრს. გარდა ამისა, 5-დან 36 თეთრის ფარგლებშია სამარჟო მაჩვენებლები, რომლითაც დღეს კომპანიები ახდენენ ოპერირებას.
შესაბამისად, კონკურენციის კუთხით, ამ ეტაპზე ბაზარი ნორმალიზებულია და საქართველოში არსებული ტენდენციები თანხვედრაშია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებთან.
სააგენტო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ჭრილში, მუდმივად მოახდეს საზოგადოების ინფორმირებას. კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში იმოქმედებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა და ჯამში 4 მილიონ ლარამდე დააჯარიმა, საკითხი ეხებოდა - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.
უახლესი