საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 31.5 პროცენტი თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.3 პროცენტი - იმერეთის, 12.7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.7 პროცენტი - კახეთის, 8.1 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5.1 პროცენტი - აჭარის, 4.6 პროცენტი - შიდა ქართლის, 2.5 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის, 2.0 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1.5 პროცენტი - გურიის და 1.0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 77.2 პროცენტი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად - 19.8 პროცენტი.
ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.5 პროცენტი), კოოპერატივის (1.0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.5 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.
2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებულია 2.1 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ბაზრებსა და ბაზრობებს გააჩნია 67 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1296 შემნახველი საკანი (საწყობი) 27.2 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 361 მაცივარი.
2022 წელს მოქმედი ბაზრობების 35.5 პროცენტი გადახურულია. 35.0 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), ხოლო 29.5 პროცენტი ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).
2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრებისა და ბაზრობების 30.5 პროცენტში ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ ბაზრობაზე - მხოლოდ სასურსათო საქონლით. ორი ბაზრობის ტერიტორიაზე - ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი.
საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 152 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 22 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.
საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 52.8 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.6 ათას კაცს შეადგენს.
უახლესი