დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, მეტი ვალდებულება დაეკისრა და სამუშაოც გაიზარდა - მაია მელიქიძე

საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, მეტი ვალდებულება დაეკისრა და სამუშაოც გაიზარდა - მაია მელიქიძე

22-04-2024 15:30:00

განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების პერსპექტივა, პროექტები, საზოგადოების დამოკიდებულება, კერძო სექტორი და სახელმწიფოს როლი, ამ და სხვა საკითხებზე „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში გიორგი აბაშიშვილი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მაია მელიქიძეს ესაუბრა:

  • ენერგეტიკა ჩემთვის დიდი დოზით ასოცირდება თქვენთან, რადგან წლების განმავლობაში იყავით სემეკის წევრი, შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველი და ამ საკითხებს ფარავდით. საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ სახელმწიფო სექტორში, მაგრამ მანამდე თქვენ იყავით კერძო სექტორში საფინანსო მიმართულებით, შემდეგ სახელმწიფოდან გადახვედით კვლავ კერძო სექტორში და GREDA-ს (საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია) აღმასრულებელი დირექტორი ხართ და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან გიწევთ ურთიერთობა. ვიდრე სხვა დეტალებზე გადავალთ, მინდა მეტი გვითხრათ ასოციაციის საქმიანობაზე.

ასოციაცია დაფუძნდა 2017 წელს. მიზანი და მიზეზი ამ ასოციაციის შექმნისა იყო განახლებადი ენერგიების მხარდაჭერა. განახლებადი ენერგია არის ის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. გადამწყვეტია, და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს 100-წლიანი გამოცდილება ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. შესაბამისად ბუნებრივია, რომ ჰიდროენერგია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთად-ერთი. ამ ბოლო პერიოდში უკვე აქტუალური გახდა მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება, ბიომასა. უკვე ვსაუბრობთ მწვანე წყალბადზე. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საჭიროებს დამატებით ექსპერტიზას, ცნობიერების ამაღლებას და კომუნიკაციას შესაბამის ინსტიტუტებთან და ხიდების აგებას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და დიალოგის ფორმატის შექმნას. ბუნებრივია, ყველას უჩნდება კითხვა, როგორ უნდა მიაღწიოს ამ ყველაფერს საქართველომ. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო უკვე გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ უფრო მეტი ვალდებულება დაგვეკისრა, ამიტომ სამუშაოც გაიზარდა და საშინაო დავალებაც მეტი გვაქვს. უამრავ გამოწვევას ვაწყდებით ამ მიმართულებით და ასოციაცია ზუსტადაც ემსახურება ამ გამოწვევებისა და სირთულეების გადალახვის პროცესში კერძო სექტორს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ის ინიციატივა, რომელიც ამ ასოციაციას გააჩნია, ეს არის ახალი კანონპროექტი, რომელიც ახდენს იმ რისკების ჰეჯირებას, რომლის წინაშეც დგას ხოლმე ენერგეტიკის სექტორი. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვიბრძვით, რათა ავამაღლოთ ცნობიერება ენერგეტიკასთან მიმართებით. თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ღირებულია ის რომ ენერგეტიკა არის ეკონომიკის საწყისი. ამ პირობებში ბუნებრივია ნორმალურია, რომ მოსახლეობას უჩნდება კითხვა, რომ რა სარგებელს მიიღებენ? ინვესტორი მოვიდა, ააშენა მზის, ქარის ან თუნდაც წყლის ჰიდროელექტროსადგური, თუმცა ჩვენ რა სარგებელი? ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა. ზუსტად ამ კითხვაზე გასცა პასუხი GREDA-მ (საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია) და პრინციპში დავეხმარეთ სახელმწიფო სტრუქტურას იმაში, რომ ეს ძალიან მაღალი ტემპერატურა რაც არსებობს რეგიონებში, როგორმე შევამციროთ და დავეხმაროთ როგორც ინვესტორებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. ამაში ჩვენი როლი განსაკუთრებით დიდია.

  • როგორ თანამშრომლობს ასოციაცია წევრებთან?

ძალიან საინტერესო პროცესი დავიწყეთ. ეს იყო ინდივიდუალური შეხვედრები. დღეს ჩვენს ასოციაციას 42 წევრი ჰყავს და ამ წევრებს შორის არის მზის ენერგიის ასოციაცია, ქარის ენერგიის ასოციაცია. მზის ენერგიის ასოციაციაში არის გაწევრიანებული 16 კომპანია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მსხვილი ასოციაციაა და დარგობრივი თვალსაზრისით, ერთად-ერთია რომელიც მუშაობს განახლებადი ენერგიის მიმართულებით. ამ კომუნიკაციის საფუძველზე ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს. ამ შეხვედრების ფარგლებში იკვეთება მნიშვნელოვანი მიღწევები, ნაკლოვანებები და საჭიროებები. ეს სამკუთხედი იქმნება ხოლმე. საჭიროებებზე ასოციაცია რეაგირებს ხოლმე აკადემიური და ანალიტიკური თვალსაზრისით. არსებობს ერთობლივი პროექტების განხორციელების იდეებიც, რაც ასევე ძალიან მიმზიდველი არის. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივი დაზღვევის კომპონენტის შემოტანა. სხვადასხვა მიმართულებით ასოციაცია მუშაობს ცნობიერების ამაღლების მხრივ. აქტიურად ვმუშაობთ სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან. მათ შორის დარგის პროფესიონალებთან, რომელთაც სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება. ჩვენ გვაქვს საინტერესო გადამზადება-მომზადების პროგრამა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე სექტორში არიან და მოხდება მათი გადამზადება, ან არ არიან სექტორში და დაასრულეს სკოლა და გაუჩნდათ სურვილი, რომ თავიანთი საქმიანობა განაგრძონ ენერგეტიკაში. ჩვენ მათ ამ შესაძლებლობას ასოციაციის ფარგლებში ვაძლევთ. ყველაზე საინტერესოა, რომ რეგიონებსა და რაიონებში ვმუშაობთ და ჩვენი მიზანია, რომ იქ აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც დარჩება სამუშაოდ და შესაბამისად დამსაქმებელიც იქვეა.

  • ეს მნიშვნელოვანი ნაწილია საგანმანათლებლო კომპონენტთან დაკავშირებით და როგორია ამ კუთხით დაინტერესება და ჩართულობა?

ჩართულობა საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებიდან არის მაღალი დაინტერესება, იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ჩვენ ერთი წლის წინ ასოციაციამ დაიწყო ახალი პროგრამა. სკოლებში მივდიოდით და იქ ვატარებდით საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მიდიოდნენ, ლექციას ატარებდნენ და აძლევდნენ შესაძლებლობას სკოლის მოსწავლეებს დაესვათ კრიტიკული კითხვები, რასაც ყოველთვის მივესალმებით. მათგან წამოსული ეს კითხვები შევაგროვეთ და შემდეგ დავუბრუნდით კონკრეტული პროექტით. დავინახეთ ის აუცილებლობა, რომ ამ ახალგაზრდებს აქვთ უზარმაზარი სურვილი განვითარების მხრივ და ამაზე ვუპასუხეთ.

  • საინტერესოა, როდესაც ამ ასაკიდან ჩნდება ინტერესი, შემდეგ ეს ადამიანს პროფესიაში გაძლიერებაში ეხმარება და ის პრობლემა, რაც კვალიფიციურ მუშა-ხელს შეეხება, რაზეც ბიზნესი ხშირად საუბრობს, გარკვეულწილად, ამ თემის პრევენცია აქედანვე იწყება. ეს საინტერესო დეტალია ... ასევე მინდა გკითხოთ თქვენს კომუნიკაციაზე სახელმწიფო სექტორთან, აქ რა ვითარება გაქვთ?

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ თვალსაზრისით. ჩემთან, როგორც სემეკის ყოფილ წევრთან და პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან, არსებობს მყარი კომუნიკაციის საფუძველი. რასაც ვიყენებ იმისთვის, რომ კერძო სექტორს მეტი შესაძლებლობა მივცე განვითარებისთვის. ბოლოს ასეთი მიღწევა გვქონდა, რომ კერძო სექტორიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ მომხდარიყო მეორე CFD აუქციონში მნიშვნელოვანი კომპონენტის დამატება, ეს იყო სტორიჯების ე.წ. დამაგროვებლების (ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტები) ნაწილი. სახელმწიფოს ჰქონდა სურვილი, რომ მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების ნაწილში ჰქონოდათ დამაგროვებლები. სახელმწიფოს მზისა და ქარის კომპანიებმა შესთავაზეს, რომ ჰქონოდათ უფლება, რომ დამაგროვებლებით, ანუ ამ ტიპის პროექტები შემოეტანათ და მეორე CFD აუქციონში მოხდა ამის დამატება. 515-ე დადგენილებაზე ვმუშაობთ აქტიურად (იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს. რედ.) რაც არის თემატური ბიზნესისთვის, ეს ყველა გზავნილი მიგვაქვს სახელმწიფოსთან. ვთამაშობთ მედიატორის როლს და კარგად ვართ ინტეგრირებული ამ პროცესში.

  • ბუნებრივია, კომპანიებს ასოციაციის ჩართულობის გარეშე გაუჭირდებათ მსხვილი პროექტების გატანა და თემატურ ნაწილზეც რომ გადავიდეთ, სად გვაქვს სივრცე, რომ განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით კიდევ უფრო წავიწიოთ წინ?

ჩემი სადისერტაციო ნაშრომი ეხება მზის ენერგიას. ძალიან საინტერესო შედეგი მივიღე 2021 წელს და ის კვლევა რომლის რეცენზენტიც ბრძანდებოდით, დღესაც ძალიან აქტუალურია. როგორც ინდივიდს ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ მზის პანელების საშუალებით გამოიმუშაოს ელექტროენერგია, გამოიყენოს კერძო სახლის სახურავი, იგივე მრავალბინიანი სახლების აივანზე განახორციელოს მზის პანელების მონტაჟი. გამოიმუშაოს ელექტროენერგია და ნეტო აღრიცხვის საშუალებით მიჰყიდოს ქსელს. არსებობს ე.წ. რევერსული მრიცხველები, როდესაც სახლში არ ვართ და კარგი ამინდია, ხდება ელექტროენერგიის გენერაცია და მისი ქსელში გაშვება. ამ დროს, მარტივად რომ ავხსნა, რევერსული მრიცხველი მუშაობს ერთი მიმართულებით. როდესაც ჩვენ ვბრუნდებით სახლში, აღარ არის სინათლე და საღამო პერიოდია, შემდეგ უკვე მეორე, საწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობს მრიცხველი. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და ამ საშუალებით 67 მეგავატის გენერირება ხდება. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას შეუძლია და ბიზნესსაც, ოღონდ 500 კილოვატი არის შეზღუდვა, თვითონ იყოს მწარმოებელი, გამყიდველი, მოახდინოს ელექტროენერგიის გენერაცია და შესაბამისად, გადაჭრას სულ მცირე თვითუზრუნველყოფის საკითხიც.

  • ბუნებრივია, რიგით მომხმარებელს გაუჩნდება კითხვა და მეც იგივეს გკითხავთ, რამდენად სარგებლიანია ამ სეგმენტში ინვესტირება?

ეს არის ის კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმება. მზის პანელებს უტილიზაციის პერიოდი აქვს 25 წელი. ჩადებული ინვესტიციის ამოღებას, კერძო სახლის შემთხვევაში სჭირდებოდა 7 წელი. დრეს, უკვე 2024 წელს, ამ მცირე პერიოდში, სულ რაღაც სამ წელიწადში, იმდენად ბევრი მწარმოებელი გაჩნდა და იმდენად გაიზარდა კონკურენცია და წამოვიდა პანელების ფასები დაბლა, რომ დღეს საუბარია 3-4 წელზე. შესაბამისად, ტექნოლოგიების განვითარებამ, კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა მომხმარებელს, მყიდველს, იმისა, რომ არჩევანი ფართოა და შესაბამისად, ფასიც მრავალფეროვანი, კონკურენცია მაღალი. ჩინური ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური წარმოების თვალსაზრისით. შესაბამისად ეს ფასები, რომელიც დოლარშია გამოხატული და ჩვენთან ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსი არ არის მერყევი, ამან მისცა მომხმარებელს შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს ეს უნიკალური შანსი, რადგან მომგებიანია და პირველადი ინვესტიცია შემცირებულია კონკურენციიდან გამომდინარე. ეს პირველ რიგში მომხმარებლის ხარჯებს ზოგავს და ჯამში ქვეყანაში ამცირებს მოხმარებას, სხვა კუთხით, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ცენტრალურად ჰიდრორესურსების გამომუშავებას.

  • ბუნებრივია, მზის პანელებთან დაკავშირებით ასევე იქნება კითხვა, რა ხდება ისეთ დროს, როცა არ არის მზიანი ამინდები?

კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში 280 დღე არის მზიანი. რადიაციის მაჩვენებელი, საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში უფრო მაღალია, ვიდრე სრულიად საქართველოში, თუმცა, ისეთ ფლაგმან ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, რომელიც წამყვანია მზის ენერგიის კუთხით, როდესაც შედარებას ვაკეთებთ, თუ რა ტემპით ხდება მზის პანელების მონტაჟი და გამოყენება, როდესაც იქ რადიაციის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე საქართველოში, ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ უალტერნატივოა ჩვენი ქვეყანა.

რა თქმა უნდა აფრიკისა და აზიის ქვეყნებში უფრო მეტი მზიანი დღეა, ამ ქვეყნებს უფრო სხვა პრობლემა აქვთ, ხდება პანელების დამტვერვა, შემდეგ მტვრის მოცილება მათთვის ხარჯიანია, ჩვენ ეს გამოწვევა არ გვაქვს. რაც შეეხება რადიაციას, ასე კრიტიკულად არ დავინახავდი. ღრუბელი ეფარება მზეს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ სინათლის პირობებშიც, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა მწარმოებლებს. აქ უფრო კრიტიკულად დავინახავდი, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას ქსელში. ეს უფრო მნიშვნელოვანია. თქვენ ძალიან კარგი ფორუმი გქონდათ და იქ ნახსენები იყო სახელმწიფო ელექტროსისტემა, სწორედ ამ მიზეზით. ინტეგრაცია ქსელში უფრო რთულია, რადგან ეს არ არის მდგრადი ენერგია, ეს არის ვოლატირული ენერგია, ანუ ცვალებადია. შესაბამისად, ქსელი ამას იღებს მოჭარბებული ან შემცირებული რაოდენობით. ქსელის პასუხისმგებლობაა, რომ დააბალანსოს და არ მოხდეს ისე, რომ ჭარბი ელექტროენერგიის მიწოდება მოხდეს ან თუნდაც დავარდეს ელექტროენერგიის ხარისხი, რაც გამოიწვევს ოჯახებში ტექნიკის გადაწვას. ეს ადრე ხშირი გამოწვევა იყო და ამაზე პასუხისმგებლობას უკვე იღებს გადამცემი ქსელი.

  • რაც შეეხება ქარის ენერგიას, სად არის რესურსი და რამდენად შესაძლებელია ამ კუთხით განვითარება?

ქარის ენერგია უფრო ზამთრის სეზონის პრეროგატივა. ზამთარში, როდესაც ჩვენ ვართ დეფიციტური ქვეყანა და ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ მეზობელი ქვეყნებიდან და ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქარის ენერგიის გამოყენება.

ჩვენ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური გვაქვს, მაგრამ ბევრი პროექტი გვაქვს დღის წესრიგში, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. კვლევა ჩავატარეთ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში 88 განუხორციელებელი პროექტი გამოვლინდა და რამდენიმე პროექტი ეხება ქარს. პროექტები არსებობს, ადგილი და ინვესტორიც შერჩეულია და ახლა დროა გადავიდეთ სამშენებლო პროცესზე, რათა არ გვქონდეს ერთი ქარის ელექტროსადგური, რომელიც 20,7 მეგავატ ელექტროენერგიას აგენერირებს, რაც საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ მოხმარება არის 2 000 მეგავატი.

  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს პროექტები დაჩქარდეს?

ამ ნაწილში მე ვთხოვდი სახელმწიფოს მხარდაჭერას, თუნდაც მოსახლეობის კომპონენტიდან გამომდინარე. მოსახლეობასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორი დამოუკიდებლად ამას სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ვერ შეძლებს, რადგან ჯამში დროში იწყება ხოლმე ეს პროცესები. ვფიქრობ სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში ეს პრობლემები ნაკლებად იქნება. ყველა გაჩერებული პროექტის მთავარი მიზეზი იყო არასრულყოფილი, არასრულფასოვანი კომუნიკაცია. როდესაც იქ სპეციალისტები ჩადიან და რთული ენით, ტერმინებით გაჯერებული ლექსიკით საუბრობენ მოსახლეობასთან, მათთვის ეს ყველაფერი ბუნებრივია გაუგებარია. როდესაც მარტივად ხდება ახსნა, ეს რა სარგებელს მოიტანს, თუნდაც იგივე შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამ პროექტებს რა თქმა უნდა აქვთ გავლენა ბუნებაზე, მაგრამ დაცვის მექანიზმიც არსებობს. წვიმის დროს დგას ღვარცოფების სერიოზული პრობლემა ქვეყანაში და იქ, სადაც თანამედროვე ჰესებია, დამონტაჟებულია ე.წ. სენსორები და პირველივე სიგნალი მიეწოდება დისპეტჩერს. გაცილებით ადრე იღებს სადისპეტჩერო ინფორმაციას იმ ტერიტორიაზე სადაც ჰესია აშენებული, რომ სირთულეებია და შემდეგ ხდება ამის პრევენცია.

  • ასოციაციის სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ, სექტორი განვითარების დიდ არეალს გვაჩვენებს. ვფიქრობ, ასოციაციის როლი განსაკუთრებულად დიდი იქნება.

ასოციაციას ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს სამომავლოდ დღის წესრიგში. ერთი, ეს არის ბიუროკრატიის შემცირება, მეორე, კომუნიკაციის გაძლიერება, მესამე, საგანმანათლებლო კომპონენტის კიდევ უფრო გააქტიურება, ცნობიერების ამაღლება და მეოთხეა, საკანონმდებლო ინიციატივებით ჩვენი სექტორის უზრუნველყოფა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები