„საქართველოს რკინიგზისთვის" მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში,რკინიგზა 0.5 მილიონი მგზავრს მოემსახურა, რაც 98.3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ამ ზრდის დიდი წილი, დაახლოებით 70-80% ბათუმის მიმართულებაზე მოდის, მაგრამ თუ ახალი გადამზიდავის დაშვება მოხდა, ამ მიმართულებით კონკურენცია გაიზრდება.
„საქართველოს რკინიგზისთვის ბათუმი სტრატეგიული მიმართულებაა. მგზავრების დაახლოებით 70-80% ამ მიმართულებაზე მოდის, შემდეგ პოზიციაზე ქუთაისი და ზუგდიდია, ასეა ტრადიციულად.
სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები ძირითადად თბილისი-ბათუმის მიმართულებით აკუმულირდება", - ამბობს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ სარკინიგზო მიმართულებაში მნიშვნელოვანია კონკურენციის ზრდა და ახალი მოთამაშის შემოყვანა, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივაა.
„ევროკავშირის დირექტივების შესრულებაზეა საუბარი, ახალი პაკეტი შეიტანა მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც კონკურენციის ანუ ახალი გადამზიდავების დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
გაუგებარია, რატომ არ შეიძლება „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანაში სხვა გარეშე გადამზიდავიც შემოვიდეს, რაც კონკურენციას გააძლიერებს. „საქართველოს რკინიგზა" კონკრეტულ ზონაში იფუნქციონირებს, კონკურენცია გაიზრდება, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც მთავრობამ უნდა იფიქროს", - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. ჯამურმა მაჩვენებელმა 85.8 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით მეტია.
უახლესი