საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა. დოკუმენტი მომხმარებლის დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის შემდგომ განვითარებას და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ოთხწლიანი სტრატეგია ითვალისწინებს მათ შორის საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ ცვლილებებს, მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას და სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელთა გადადგმა საჭიროა სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.
დოკუმენტი ეყრდნობა მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას და მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალ დღის წესრიგს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) რეკომენდაციებს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) ანგარიშებს. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის უახლეს კანონმდებლობას მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და 2015 წელს, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე მიღებულ მიზნებს (Sustainable Development Goals, SDGs) - მსოფლიოს განვითარების „დღის წესრიგი" 2015-2030 წლებისთვის.
მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და სექტორის მარეგულირებელი უწყებების - ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მომზადდა. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მიიღო და მის აღმასრულებელ უწყებად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA) განისაზღვრა.
უახლესი