ეს კონფერენცია ჩამოყალიბდა ერთ-ერთმნიშვნელოვან კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმად, სადაც კერძო და საჯარო სექტორი წარმოდგენილია თანაბარი რაოდენობით, სწორედ იმიტომ, რომ თავისი მოსაზრებები გამოთქვან, - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ დღეს, „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნესინსაიდერის“ ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა.
„ვიცით, რომ ბოლო ორი-სამი წელია მაღალი ტემპი გვაქვს ზრდის და კონფერენციის თემად შევარჩიეთ სწორედ ეს საკითხი. თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ ტემპის შესანარჩუნებლად, ამ კუთხით საინტერესოა ორივე მხარის მოსმენა, თუ რას ფიქრობს საჯარო და კერძო სექტორი. ამ კუთხით მოსაზრებების ერთმანეთთან გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ უკვე იმ სტრატეგიისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის ინდუსტრიების მიმართულებით, რომელიც უნდა გარდაისახოს ეკონომიკური ზრდის კონკრეტულ ციფრებში“, -აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
პირველი კონფერენცია 2024 წლის 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა.
ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრემიერი იყო ახალი დანიშნული და ბიზნესს შეხვდა.
„პრემიერმა გადაწყვიტა საჯარო სივრცეში შეხვედროდა ბიზნესს, გაეხსნა ღონისძიება და მოესმინა ის პრობლემატიკა, რომელიც შესაძლოა ბიზნესს ჰქონდეს. ბიზნესის ინდექსი, რომელსაც ჩვენი ასოციაცია აკეთებს, ბიზნესის კლიმატი, დასაქმების ბარომეტრი, საინვესტიციო კლიმატი და ა.შ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.გამოკითხვას ვატარებთ ჩვენს წევრებში და გაერთიანებულად, აგრეგირებულად, ამ მონაცემებს შემდეგ წარვუდგენთ მთავრობას, ხელისუფლებას, საჯარო სექტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით, გამოკითხვა გერმანული (მიუნხენის ინსტიტუტის) მეთოდოლოგიით ხდება, რომელშიც მონაწილეობენ კომპანიის დამფუძნებლები, ხელმძღვანელები.
„ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობაა გამოკითხული და შესაბამისად ამ მოსაზრებების მოსმენა არის ყველასთვის საყურადღებო, საინტერესო და გასათვალისწინებელი. ბიზნესის პირველი შეხვედრა პრემიერთან იყო სწორედ გაცნობითი და ჩვენ დინამიკაში 4 წლის მონაცემები წარვადგინეთ, პრემიერისგან კონკრეტული შეთავაზებებიც მივიღეთ. დიალოგი მიმდინარეობს,, გრძელდება და არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ჩვენგან არის შეთავაზებული“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ 17 სექტემბერს იმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
უახლესი