ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.
როგორც Georgian Business Insder -ს საქართველოს აეროპორტში განუცხადეს, „საქართველოს ავიახაზებმა“ დღეს ისრაელის მიმართულებით თელ-ავივში დაგეგმილი ფრენა გადადო, რომელიც სავარაუდოდ 8 ოქტომბერს 19:30 საათზე შესრულდება.
ამასთან, გამოცემა Spiegel წერს, რომ ისრაელის მიმართულებით ფრენები ევროპულმა ავიაკომპანიებმაც გადადეს.
„თელ-ავივში არსებული უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, ამ შაბათს Lufthansa Group-ი ამცირებს ფრენების პროგრამას თელ-ავივის მიმართულებით ოპერატიული მიზეზების გამო“, - აცხადებენ კომპანიაში.
შაბათს დაგეგმილი Lufthansa-ს ორი ფრენა თელ-ავივის მიმართულებით გაუქმდა.
შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, (Lufthansa-ს შვილობილი კომპანია), ისრაელის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
რამდენიმე თვითმფრინავმა შეცვალა კურსი, - იტყობინება ინდუსტრიული გამოცემა AeroTelegraph.
კერძოდ, Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან მიფრინავდა, თელავივის ნაცვლად იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა. თელ-ავივის ნაცვლად ლარნაკაში კიდევ ერთი ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაეშვა.
გამოცემის ცნობით, „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავიც კვიპროსის მახლობლად შემობრუნდა.
გარდა ამისა, პოლონურმა გადამზიდავმა LOT-მა ასევე გააუქმა შაბათის ფრენები თელ-ავივის მიმართულებით. კომპანია სიტუაციის მონიტორინგს და ფრენების ბედის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება