დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს - ანდრეი პლენკოვიჩი

საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს - ანდრეი პლენკოვიჩი

24-07-2023 14:33:21

საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა,- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

„ნება მიბოძეთ, მივესალმო ჩემს მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს მისი ვიზიტისთვის.

დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რაც ქვეყანას გააჩნია ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას.

ხორვატია და საქართველო მოსახლეობის ნიშნით, გეოგრაფიული ნიშნით ძალიან მსგავსია. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. გასულ წელს ევროპულ საბჭოში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს არის ევროკომისიის დასკვნაში გაწერილი. მე მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, რომ განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა.  რაც შეეხება საქართველოს ამბიციას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა სამიტზე და გააჟღერა გზავნილები და საქართველო ამჟამად, რახან ორი ოკუპირებული ტერიტორია გააჩნია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, ფორმალურად მოახდინა ანექსია რუსეთმა და ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ადრე ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, სამხრეთ ოსეთის ნაწილიდან თბილისამდე ადმინისტრაციული საზღვარი არსებობს და 40 წუთის სავალზეა დედაქალაქთან, ამიტომ, ძალიან ახლოს არის ეს ხაზი",- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები