საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დღეს დაიწყო მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი (GRAIL), რომელიც სარგებელს მოუტანს ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს ირიგაციის სერვისების გაფართოებით, მიწის მართვისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით. ასევე, პროექტი უშუალო სარგებელს მოუტანს სოფლის მოსახლეობას, რასაც მოჰყვება პროდუქტიულობის ზრდა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
GRAIL-ის პროექტი შემუშავებულია საირიგაციო წყალმომარაგების სერვისებისა და სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობის სექტორის დასახმარებლად გვალვის, ტემპერატურის მატებისა და ატმოსფერული ნალექის მოსალოდნელი გრძელვადიანი შემცირების მიმართ ადაპტაციაში. საირიგაციო სისტემის მოდერნიზაცია და რეაბილიტაცია აამაღლებს მდგრადობას წყალმომარაგების ეფექტიანობის ზრდის და განახლებული საირიგაციო სტრუქტურების, ფერმებისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებული კონტროლისა და წყალმომარაგების გამრიცხველიანების მეშვეობით. მოსალოდნელია, რომ ეს ღონისძიებები შეამცირებს წყლის არაგონივრულ მოხმარებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის წყლის სტრესსა და ნიადაგის ეროზიას.
„GRAIL-ის პროექტი საქართველოს გზას გაუკვალავს უფრო მწვანე და გაცილებით მდგრადი მომავლისკენ. ირიგაციასა და მიწის მართვაში ინვესტირებით ჩვენ ვაუმჯობესებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და უზრუნველვყოფთ დარგის გრძელვადიან მდგრადობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის, საწარმოებისა და სოფლის მოსახლეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
150 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების GRAIL-ის პროექტი თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ. ეს ფინანსური თანამშრომლობა გვიჩვენებს ორივე მხარის მონდომებას საქართველოში მდგრადი სოფლის მეურნეობისა და მიწის მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით.
„მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ქვეყანას განვითარების პრიორიტეტების შესაბამის დროულ და ეფექტიან დახმარებას უწევს. GRAIL-ის პროექტი ჩვენი მნიშვნელოვანი და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ილუსტრაციაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში,“ - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოში სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, პროექტი დააფინანსებს სამშენებლო სამუშაოებს, საქონლის, აღჭურვილობისა და შესაბამისი სერვისების შესყიდვას, ისევე როგორც ტექნიკურ ტრენინგებს სააგენტოს პერსონალისა და ფერმერებისთვის. სარწყავ და სადრენაჟე ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები გააუმჯობესებს საირიგაციო წყალმომარაგებას, წყლის მომხმარებლებისთვის კლიმატით გამოწვეული ნალექის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკების შემცირების პარალელურად.
„მოუთმენლად ველით GRAIL-ის პროექტის განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს სოფლის მოსახლეობას. დიდი მოცულობის კაპიტალურ ინვესტიციასთან ერთად, პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, „საქართველოს მელიორაციას“, „სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს“ ინსტიტუციურ გაძლიერებას,“ - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისთვის ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით GRAIL-ის პროექტი მიზნად ისახავს ინვესტირებას მრავალუწყებრივი ცენტრის შექმნაში, რომლის ამოცანა იქნება აგრო-მეტეოროლოგიური პარამეტრების დასაფიქსირებლად გაუმჯობესებული ირიგაციისა და მიწის მართვის მონიტორინგი, დისტანციური ზონდირებისა და მოწინავე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით მდინარეთა ნაკადის, ნალექისა და სხვა მახასიათებლების აღრიცხვა. აღნიშნული მნიშვნელოვნად გააძლიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების შესაძლებლობებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რისკებზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვაში.
მიწის მართვის გაუმჯობესებით GRAIL-ის პროექტი გააძლიერებს მიწის ადმინისტრირებისა და მართვის სახელმწიფო სისტემებს, შესაძლებელს გახდის წვდომას გეოსივრცით მონაცემებზე და მათ გამოყენებას. აღნიშნული სისტემების განვითარება გააქტიურებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრებს, ხელს შეუწყობს ინვესტიციებს აგრობიზნესში და წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებებში.
“GRAIL-ის პროექტის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიწის ადმინისტრირების, მომსახურების გაწევისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისკენ. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, საჯარო რეესტრი გააძლიერებს მიწის ადმინისტრირების სერვისებს და შექმნის ეროვნული სივრცითი გამოყენების ინფრასტრუქტურას (NSDI), რომელიც სამთავრობო, დარგობრივ და მუნიციპალურ დონეებზე გეომონაცემების გაზიარებით ხელს შეუწყობს პროცესების ეფექტიან დაგეგმვას და მართვას, და ამასთანავე, ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობის ამაღლებას,“ - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა.
ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად პროექტის განმახორციელებელი ორი ორგანიზაცია (PIUs) შეიქმნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში. ეს ორგანიზაციები განახორციელებენ GRAIL-ის პროექტის კოორდინაციასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, ისევე როგორც სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და გენდერზე ფოკუსირებული ღონისძიებების კონტროლს.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება