დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,საკალმახე მწვანე ტბები"  - საოჯახო საქმიდან ბიზნესამდე

,,საკალმახე მწვანე ტბები" - საოჯახო საქმიდან ბიზნესამდე

05-09-2023 14:00:10

საკალმახე მწვანე ტბები-Fishing Area-Green Lakes სვანეთში ახალი ლოკაციაა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ბუნებაში დასვენება, კალმახის დაგემოვნება, თევზაობა და უბრალოდ, განტვირთვა. სულ ახლახან, ოჯახისთვის შექმნილი მოსასვენებელი სივრცე, ახალგაზრდა მეწარმემ სოსო არღვლიანმა ბიზნესად აქცია და სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა ადამიანებისთვის, რომლებსაც თუნდაც რამდენიმე საათით ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა და დასვენება სურთ.

ვიდრე ბიზნესს დაიწყებდა, სოსო არღვლიანმა კარგად შეისწავლა ბაზრის საჭიროება და საფუძველი ჩაუყარა კიდევ ერთ ტურისტულ ობიექტს სვანეთში, რომელიც განსხვავებული კონცეფციით აშკარად გამორჩეულია. ,,ჩვენთან შესაძლებელია თევზაობა, კალმახის დაგემოვნება და დასვენება ბუნების წიაღში, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა. ადგილმდებარეობა ისეთია, რომ ტურისტული თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უცხოელი ვიზიტორებისთვისაც.

ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის შექმნილი სივრცე ბიზნესად ვაქციეთ. გაზაფხულიდან დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, ტერიტორიის კეთილმოწყობა და პირველი სტუმრები მივიღეთ. სოციალური ქსელი ძალიან დაგვეხმარა. რა მოლოდინიც იყო, გაამართლა. მაქსიმალურად ვეცადეთ, აქაურობისთვის ბუნებრივი იერი შეგვენარჩუნებინა. ძალიან კომფორტული გარემოა. ჩვენ არ ვართ რაოდენობაზე ორიენტირებული, რამდენი კალმახიც გვეყოლება, იყოს ხარისხიანი, ამ ნიშას ბოლომდე გავყვებით", - ამბობს სოსო არღვლიანი Business Insider Georgia - თან.

საკალმახე მწვანე ტბების სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრებაა, ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა. ,,ყველა ადამიანს, ვისაც ბუნებაში სურს განტვირთვა, შეუძლია უფასოდ შემოვიდეს ტერიტორიაზე, დაათვალიეროს აქაურობა, სურვილის შემთხვევაში, დარჩეს რამდენი ხნითაც სურს, წაიკითხოს წიგნი ან უბრალოდ, დაისვენოს. განიტვირთოს, ყველას ვუწყობთ ამაში ხელს. ვისაც ჩვენი სერვისით სურს სარგებლობა, ამაში მაქსიმალურად ვიხარჯებით, რომ დახვეწილი და ხარისხიანი გარემო შევქმნათ დასვენებისთვის. არ გვყოლია სტუმარი, ვინც თავისი თავი ვერ იპოვა", - ამბობს სოსო არღვლიანი.

რაც შეეხება ფასს, თევზჭერის საფასური სიმბოლურია და 20 ლარს შეადგენს. 1 კგ კალმახი 30 ლარია, ადგილზე დაგემოვნებისას, ერთი ულუფა კერძის ღირებულება 10 ლარია. 

„საკალმახე მწვანე ტბები" მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერში მდებარეობს. სოსო არღვლიანმა პროექტზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული. წინ ბევრი ახალი გეგმა და იდეაა, მათ შორის განთავსების სერვისის დამატება, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები