დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქალაქთაშორისო რეისებზე მგზავრების 70 % ე.წ. „მტაცებლებს“ გადაჰყავთ  - „დიდუბის ავტოსადგური“

საქალაქთაშორისო რეისებზე მგზავრების 70 % ე.წ. „მტაცებლებს“ გადაჰყავთ - „დიდუბის ავტოსადგური“

24-04-2023 17:30:27

„დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორის ნესტორ მიქატაძე ავტოსადგურების რეფორმაზე დიდ იმედს ამყარებს. მისი თქმით, ავტოსადგურებზე პრობლემას ყველაზე მეტად ე.წ. „მტაცებლები“ ქმნიან, ამიტომ ელოდებიან ისეთ რეგულაციას, რომელიც მათ მუშაობის უფლებას აუკრძალავს.

როგორც მიქატაძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, მგზავრების გადამყვანი რეისების დაახლოებით 70%-ს ე.წ. „მტაცებლები“ ასრულებენ და მათთან კონკურენციის გაწევა ლიცენზირებული ავტოსადგურებისთვის დიდი პრობლემაა.

„წლებია, მთავრობისგან საკანონმდებლო დონეზე ველოდებით სიახლეს. კარგია, რომ ამჯერად ეს საკითხი არ გადაიწევს და გვექნება შესაძლებლობა, რომ მგზავრებს უფრო ხარისხიანად და და სრულყოფილად მოვემსახუროთ. დღეს, როცა სფერო არ რეგულირდება, ლიცენზირებულ ავტოსადგურებს არაერთი პრობლემის დაძლევა გვიწევს, რასაც რეალურად ვერ ვუმკლავდებით.

პირველ რიგში, ეს არის ავტოსადგურის შესახებ კანონში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც ე.წ. „მტაცებლებს“ მუშაობის უფლებას აუკრძალავს.

რეალურად დიდი უწესრიგობა და განუკითხაობაა ამ კუთხით, ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ,,იტაცებენ“ მგზავრებს და ამის კონტროლი რეალურად წარმოუდგენელია. რეგიონებში მოძრავი მიკროავტობუსებიდან დაახლოებით 70% ე.წ. „მტაცებლევი“ არიან რომლებთან კონკურენციის გაწევა ფაქტობრივად შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ ეს მძღოლები ბიუჯეტში გადასახადს არ იხდიან, არც თვლიან თავს ვალდებულად ტექინსპექტირება გაიარონ. მგზავრების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ, სრული უკონტროლობაა სისტემაში“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.

ცნობისთვის, ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის განხორციელება იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, მოხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად, სანებართვო საქმიანობის სახეები კი შემდეგნაირად განისაზღვრება - საავტომობილო-სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს იყო მომზადებული და პარლამენტში მისი შეტანაც იმავე წელს იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები