საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი.
გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
უახლესი
3 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა